ახალი ამბები

რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე ფულის დახარჯვა სწორი გადაწყვეტილება იყო – ბახტაძე

16 ივლისი, 2019 •
რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე ფულის დახარჯვა სწორი გადაწყვეტილება იყო – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე დახარჯული 13 მლნ აშშ დოლარი სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ბახტაძე ამბობს, დახარჯულ თანხას საკმაოდ ეფექტური უკუგება  ჰქონდა, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, მცირე ბიზნესი დაეწყოთ.

“წინა წლებში ტურიზმის მთლიანი მარკეტინგის 17-18% იხარჯებოდა რუსეთში რეკლამაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ეს თანხა არ უნდა დახარჯულიყო?! ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ჩვენ რომ არ გვქონოდა ამ ინვესტიციის შესაბამისი უკუგება. წელს ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე, ვინაიდან ეს ბაზარი [რუსეთის] ისედაც აქტიურად ვითარდებოდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან საშუალება მისცა ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები”,-განაცხადა ბახტაძემ.

წელს რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ერთგვარი “ტურისტული ემბარგო” დაუწესა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები აკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი