ახალი ამბები

ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანი სამსახურის დატოვების მიზეზად 20 ივნისის დარბევას ასახელებს

16 ივლისი, 2019 • 993
ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანი სამსახურის დატოვების მიზეზად 20 ივნისის დარბევას ასახელებს

ლაგოდეხის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია კუდაშვილმა თანამდებობა დატოვა, აღნიშნულის მიზეზად კი 20 ივნისის დარბევა დაასახელა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ლაგოდეხის მერიაშიც. როგორც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, კუდაშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაუკმაყოფილა. მდივნიშვილი აღნიშნავს, რომ მერიას მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და ის უწყებაში 2010 წლიდან იყო დასაქმებული.

მერის თქმით, პრეტენზიები მერიასთან არც თავად კუდაშვილს ჰქონია, თუმცა ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაში მიზეზად 20 ივნისის დარბევა ჰქონდა მითითებული.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თავად კუდაშვილიც. როგორც ლაგოდეხის მერიის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი “რუსთავი 2-თან” აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედების გამო საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ სურს:

“გადავწყვიტე დამეწერა განცხადება წამოსვლის თაობაზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც განვითარდა 20-21 ივნისის შედეგად. ჩემი პროტესტი გამოვთქვი ამ განცხადებით და სამსახურის დატოვებით”, – ამბობს კუდაშვილი “რუსთავი 2-თან”.


საქართველოს ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი