ახალი ამბები

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი არ დაუკავებიათ

16 ივლისი, 2019 • 1484
შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი არ დაუკავებიათ

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარი დაკავებული არ არის. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ტარდება კომპლექსური ექსპერტიზები.

ამ საკითხით “ნეტგაზეთი” მიმდინარე წლის მაისშიც დაინტერესდა. როგორც მაშინ შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გოგო ორსულობის დროს 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობდა.

შსს-ში მაისშიც ამბობდნენ, რომ საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. უწყებაში მაშინაც ამბობდნენ, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რომლის დასკვნის შემდეგაც გამოძიება იმსჯელებს მიხეილ დვალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებდა, მისი ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავებული ადვოკატის გარეშე დაკითხეს. შსს-ში დაგვიდასტურეს, რომ გამოკითხვას ადვოკატი არ დასწრებია, თუმცა, მათი თქმით, დაკავებული სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ გამოკითხეს, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. შსს-ს თანახმადვე, მან ჩვენება მისცა და ამ ჩვენებას სამართლებრივი ძალა გამოძიების შემდეგ ეტაპებზეც ექნება.

გოგო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი (11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები) 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

მთავარ ფოტოზე: მიხეილ დვალიშვილი. კადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი