ახალი ამბები

გული დამწყდა, როცა უგულავა არა ჩემს, არამედ მელიას და ბარამიძის მხარეს დადგა – კახიძე

15 ივლისი, 2019 • 3662
გული დამწყდა, როცა უგულავა არა ჩემს, არამედ მელიას და ბარამიძის მხარეს დადგა – კახიძე

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მისი თანაპარტიელი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს დგომით შეცდომას უშვებს.

“ძალიან გული დამწყდა, როდესაც ბატონმა გიორგი ბარამიძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” მოითხოვა ჩემი  პოზიციის შეფასება და გიგი უგულავა დადგა არა ჩემს მხარეს, არამედ – ნიკა მელიას და გიორგი ბარამიძის მხარეს. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო”, – განაცხადა კახიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გიგი უგულავას მიერ “ევროპული საქართველოს” დატოვებაზე საუბარი არ არის.

“პოლიტიკოსები ხშირად უშვებენ შეცდომას. მაგალითად, ჩვენმა პოლიტსაბჭომ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შევერთებოდით “ნაცმოძრაობის” დაანონსებულ მიტინგს, მაგრამ გიგი უგულავა ინდივიდუალურად დაესწრო იმ მიტინგს. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა მისი მხრიდან და ახლაც შეცდომას უშვებს, როდესაც პარალელს ავლებს ფოფხაძესთან, როდესაც ბოკერიაზე და კახიძეზე არის საუბარი და “ნაცმოძრაობის” მხარეს იჭერს, როცა ისინი მართლები არ არიან”, – განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კოლეგების პოზიციაც აინტერესებს, მათ შორის, რომან გოცირიძის, იმის შესახებ, სწორი იყო თუ არა 20 ივნისს ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში მშვიდობიანად შესვლაზე.

“ხომ არ ვამბობ, რომ დანაშაულია. დანაშაული არ ყოფილა, მაგრამ ნორმალური და პასუხისმგებლიანი მოწოდებაა თუ შეცდომა? თუ თვლიან, რომ შეცდომა არ არის, ამაზე ვერ დავეთანხმები ვერც რომან გოცირიძეს, ვერც ნიკა მელიას და ვერც გიგი უგულავას”, – დასძინა მან.


“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ 20 ივნისის მოვლენების განხილვის კონტექსტში ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებებს პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე პოლიტიკურად უპასუხისმგებლო უწოდა. კახიძის განცხადებას  ენმ-ის საპასუხო რეაქცია მოჰყვა –  გიორგი ბარამიძემ “ევროპულ საქართველოს” მოსთხოვა დაეფიქსირებინათ, ეს ოთო კახიძის პირადი განცხადება იყო, თუ – პარტიის.

ბარამიძის მოწოდების საპასუხოდ “ევროპულ საქართველოს” განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იზიარებს კახიძის მოსაზრებას მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს,  ან არ შეეგუოს დააწარმოოს ამაზე დისკუსია”.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის განცხადებების გამო მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დისკუსიის დრო ჯერ არ არის და “ხელის გაშვერა” ძალიან ცუდად გამოიყურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი