ახალი ამბები

ზურაბიშვილმა მიუნხენში შეხვედრა პროტესტის ფონზე დატოვა – გამრეკელაშვილი

15 ივლისი, 2019 • 3311
ზურაბიშვილმა მიუნხენში შეხვედრა პროტესტის ფონზე დატოვა – გამრეკელაშვილი

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან და საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ნეტგაზეტს უყვება, პრეზიდენტმა ღონისძიება არასასიამოვნო ვითარებაში პროტესტის ფონზე დატოვა.

  • დეტალები ნეტგაზეთს თეოლოგიის დოქტორმა, მირიან გამრეკელაშვილმა აცნობა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად მარჯვენა თვალზე ხელის აფარებით გააპროტესტა.

მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კრიტიკული კითხვების გამო, შეხვედრის მონაწილეებს მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დასდო ბრალი.

რა მოხდა მიუნხენში?

მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ ვითარებაში დაიწყო. პრეზიდენტმა შესავალ სიტყვაში დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს სამომავლო, ზოგადად, საერთაშორისო და კონკრეტულად ევროპული გეგმების შესახებ. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა განათლების სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ იგეგმება გერმანული ფორმატის დუალური სწავლების საქართველოში დანერგვა. შესავალი სიტყვის შემდეგ პრეზიდენტმა მოუწოდა ახალგაზრდებს, დაესვათ მისთვის კითხვები და ესაუბრათ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამასთანავე – პრობლემებზეც.

გამრეკელაშვილის ცნობით, დისკუსიის პირველი ნაწილი ეხებოდა საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას, შრომითი ბაზრის მოდიფიცირებას, ცირკულაციურ მიგრაციას, ნატოში ინტეგრაციას და ეკონომიკური თვალსაზრისით ემიგრანტებისათვის საინტერესო გარემოს შექმნას, თუმცა შეკრებილთა უმრავლესობას სულ სხვა საკითხებზე აინტერესებდათ პრეზიდენტისგან აზრის მოსმენა.

როგორც შეხვედრის მონაწილე ამბობს, სტუდენტების მხრიდან გაისმა კითხვები  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, მისი საზღვრების დაცვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. როგორც თეოლოგი გვაცნობებს, საუბრის მშვიდი და კორექტული ტონი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი დვალაძემ დაუსვა პრეზიდენტს კითხვა – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

თეოლოგიის დოქტორის ინფორმაციით, ამ თემატიკას ეხებოდა შემდეგი შეკითხვაც, ხოლო გიორგი ხიმშიაშვილს აინტერესებდა, რატომ არ მოახდინა ისეთივე მყისიერი რეაგირება პრეზიდენტმა ძალადობირივი ჯგუფების თბილისის ქუჩებში გამოჩენისას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თუ ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც ეს მოახდინა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პერფორმანსთან დაკავშირებით?

“პრეზიდენტი ერიდებოდა ცალსახა პასუხებს და შეხვედრის დამსწრეებს მოგვიწოდებდა, მეტი წაგვეკითხა და უფრო ჩაღრმავებულად გავცნობოდით მის განცხადებებს. ამ ფონზე შეხვედრის დამსწრე იურისტმა ნინო იმნაძემ პრეზიდენტს წაუკითხა 2017 წელს გამოქვეყნებული მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები, რომლებშიც საქართველოში მიმდინარე ნატოს ეგიდით წარმოებული სამხედრო წვრთნები შეფასებული იყო ნეგატიურ და საქართველოსთვის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საფრთხის მომტან მოვლენად. ქალბატონმა პრეზიდენტმა მოუწოდა შეკითხვის ავტორს, მაინცადამაინც ნუ გამოეკიდებოდა განცხადებებს და რომ  2017 წლის შემდეგ ბევრ რამეზე შეიცვალა აზრი, მათ შორის, ამ საკითხებზეც. შემდეგი შეკითხვა ეხებოდა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საზღვრების გამორკვევის საკითხს, რომელსაც მოჰყვა გარეჯთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ შეკითხვაზე პასუხისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები ძალიან აგრესიულები არიან მის მიმართ.

სამწუხაროდ, შეხვედრის სხვა მონაწილეებს აღარ მიეცათ საშუალება სალომე ზურაბიშვილისთვის პირადად დაესვათ შეკითხვა, რადგან საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი, რომელმაც დამსწრეებს მეტი წიგნიერებისაკენ მოუწოდა, მათი აქტიურობა კი პარტიული მიკუთვნებულობით ახსნა, ხოლო ერთ-ერთ მონაწილეს, ქალბატონ ნათია კუშაშვილს ბრალად დასდო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია. ადმინისტრაციის თანამშრომლის ამ შეფასებებს დარბაზში მღელვარება მოჰყვა. შეხვედრის ორმა მონაწილემ, მე და გიორგი ხიმშიაშვილმა, პრეზიდენტის ვიზიტი მარჯვენა თვალზე ხელის აფარებით გავაპროტესტეთ. პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და შეხვედრა არასასიამოვნო ვითარებაში დატოვა”, – გვაცნობა მირიან გამრეკელაშვილმა.

პრეზიდენტთან მიუნხენში შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, ირინე ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე შეკითხვა არ დასმულა. მისი ინფორმაციით, რამდენჯერმე ითქვა, რომ განკუთვნილ დროს გადააჭარბეს და უნდა დაესრულებინათ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ადგა, მადლობა გადაიხადა და გავიდა.

გუშინ, მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის ინიციატორი იყო…

Posted by Irine Chikhladze on Monday, July 15, 2019

 

მირიან გამრეკელაშვილი კი აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვა პირდაპირ არ დასმულა, რადგან ამ საკითხამდე უკვე აყალმაყალი ატყდა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას ამ თემაზე საზოგადოების პროტესტი ნახსენები იყო.

რასთან დაკავშირებით იმყოფება ზურაბიშვილი გერმანიაში?

15 ივლისს მიუნხენში, ევრობასკეტის კომიტეტის შეხვედრა და კენჭისყრა იმართება, თუ რომელ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს მომავალი ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ამ საკითხთან დაკავშირებით მიუნხენში საქმიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად. ქართული დელეგაციის ამოცანაა, ამ კენჭისყრისას საქართველოს, როგორც მასპინძლობისთვის მზა სივრცის, კიდევ ერთხელ პრეზენტირება და კენჭისყრაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე, იმყოფებოდა ქალაქ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ სამრევლოში, ასევე, გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ სამრევლო სკოლათა ზეიმზე. მანამდე, 14 ივლისს, ჩანიშნული იყო შეხვედრა სტუდენტებთან და საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან.

სტუდენტებთან შეხვედრის ინიციატორი იყო საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო ორგანიზატორი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში ირინე ჩიხლაძე. აღნიშნული შეხვედრა სასტუმრო “სოფიტელის” ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები.

მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის თავდაპირველი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ევრობასკეტის კენჭისყრაზე ქართული მხარის დელეგაციაში სტუდენტების ყოფნას, გაუქმდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით თავადაც გაავრცელებენ.

  • ამავე თემაზე:

მოქალაქეების პროტესტი გერმანიაში ზურაბიშვილთან შეხვედრისას

მასალების გადაბეჭდვის წესი