ახალი ამბები

მოქალაქეების პროტესტი გერმანიაში ზურაბიშვილთან შეხვედრისას

15 ივლისი, 2019 • 2202
მოქალაქეების პროტესტი გერმანიაში ზურაბიშვილთან შეხვედრისას

გერმანიიის ქალაქ მიუნხენში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრის ორმა მონაწილემ ცალ თვალზე ხელის აფარებით 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა.

ფოტოზე ჩანან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად სხედან თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული 20-21 ივნისს, თბილისში აქციის დარბევისას დაშავებულთა სოლიდარობის ნიშნად.

არაფერი პირადული. უბრალოდ, ძნელია მშვიდად ისაუბრო, როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა შეხვედრის ადგილიდან არცთუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!” – წერს ფეისბუკზე მირიან გამრეკელაშვილი.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან და საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ნეტგაზეტს უყვება, პრეზიდენტმა ღონისძიება არასასიამოვნო ვითარებაში პროტესტის ფონზე დატოვა.

მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კრიტიკული კითხვების გამო, შეხვედრის მონაწილეებს მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დააბრალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით თავადაც გაავრცელებენ.

ამავე თემაზე:

ზურაბიშვილმა მიუნხენში შეხვედრა პროტესტის ფონზე დატოვა – გამრეკელაშვილი


18 წლის მაკო (მაია) გომური, რომელსაც სპეცრაზმელმა რეზინის ტყვიით თვალი დაუზიანა, მკურნალობა სწორედ მიუნხენში გაამგზავრეს. აქციის დარბევისას ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მაკო გომურის ემოციური ვიდეომიმართვა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მე-13 დღეს დიდ ეკრანზე უჩვენეს დემონსტრანტებს:


ცალ თვალზე ხელის აფარებით ხელისუფლების მიმართ პროტესტს მოქალაქეები 20 ივნისის ღამის შემდეგ გამოხატავენ, მათ შორის, სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე.

მსგავსი პროტესტი აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებმა ნინო ჯანგირაშვილმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემაც გამოხატეს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი