ახალი ამბები

პროტესტი სპონტანური იყო, სანამ ის პოლიტიზდებოდა – ზურაბიშვილი თბილისის აქციებზე

13 ივლისი, 2019 • 965
პროტესტი სპონტანური იყო, სანამ ის პოლიტიზდებოდა – ზურაბიშვილი თბილისის აქციებზე

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდგომ დაწყებული პროტესტი თავიდან სპონტანური იყო, თუმცა შემდგომ პოლიტიზებული გახდა. ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ “დოიჩე ველე”-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პროტესტის მონაწილეებს ხელისუფლებისაგან მოქმედება სურდათ.

“ვფიქრობ, პროტესტი სპონტანური იყო მანამ, სანამ ის პოლიტიზდებოდა. ამ პოლიტიზებას ადგილი ახლაც აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, მიზეზი [რუსეთთან] კონფლიქტის ღია ჭრილობაა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ღრმა აღშფოთების საგანი უნდ არ იყოს ჩვენთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.

გადაუჭრელი პრობლემები, გაყინული სიტუაცია – ხალხი ამას დიდ ხანს ვერ შეეგუება. ქართველები ამაყი ხალხია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ.

საქართველოს სრულად და ოფიციალურად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე – ეს აჩვენებს ჩვენს რეალისტურ მიდგომას სიტუაციისადმი. ამ ეტაპზე, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაჭრას, რადგან არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. მაგრამ, ამას რაღაც უნდა მოუხერხო. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო, რისი მოტანაც აქციის მონაწილეებს სურდათ ჩვენამდე: ჩვენ, ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამ კონტექსტში, მან ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის ფორმატს და აღნიშნა, რომ მას ახალ პოლიტიკურ დონეზე ასვლა სჭირდება, რომელიც რეალურად იმუშავებს.


საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ოფიციალური ვიზიტის გასაპროტესტებლად თბილისში გამართული აქცია ხელისუფლებამ დაარბია. მოტივად კი დაასახელა პარლამენტში აქციის მონაწილეთა შეჭრის მცდელობა. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. ადმინისტრაციული წესით სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. “ოცნებამ” ასევე დააკმაყოფილა აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი