ახალი ამბები

სკუტერები, რომელთა დაქირავება მხოლოდ რუბლით იყო შესაძლებელი, ქუჩებიდან აიღეს

12 ივლისი, 2019 • 2282
სკუტერები, რომელთა დაქირავება მხოლოდ რუბლით იყო შესაძლებელი, ქუჩებიდან აიღეს

სკუტერები, რომელთა დასაქირავებლად გადახდა მხოლოდ რუსულ რუბლში იყო შესაძლებელი, თბილისის ქუჩებიდან აიღეს.

ნიკო პაპაშვილი, რომელსაც გასაქირავებელი სკუტერები ეკუთვნის, ნეტგაზეთთან საუბრისას ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობს. მისი თქმით, ტესტირების დროს ყველაფერი სწორად მუშაობდა, მაგრამ გუშინ, 11 ივლისს, ვერ ამუშავადა.

“ამჟამად გადავწყვიტეთ, რომ ქალაქიდან გავიტანოთ ისევ საწყობში, მაგრამ არა გამოხმაურების გამო, უფრო ტექნიკური პრობლემების გამო, რადგან აპლიკაციაში ქართული და ინგლისური ენა არ მუშაობდა და ლარით გადახდის სისტემაც ვერ ჩაირთოი. ტესტირების დროს ყველაფერი მუშაობდა. დაახლოებით 2 კვირაში ყველაფერს შევასწორებთ და ისევ გამოვიტანთ ქალაქში”, – უთხრა ნეტგაზეთს პაპაშვილმა.

სკუტერების მფლობელმა ასევე გვითხრა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიასთან, მაგრამ მოწყობილობების აღება არ მოუთხოვიათ. მისი თქმით, დღეს, 16:30 საათზე შედგება შეხვედრა მერიაში, რათა სკუტერები სამომავლოდ ისეთ ადგილებში განთავსდეს, რომ ხელი არავის შეუშალოს.

ელექტროსკუტერები დედაქალაქში გუშინ გამოჩნდა. მომხმარებლებს მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია მხოლოდ რუსულ ენაზე დახვდათ, ასევე, მხოლოდ ამ ენაზე იყო შესაძლებელი დასაქირავებლად აპლიკაციის გამოყენება და გადახდაც მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლებოდა. ამ ყველაფერს ფეისბუკზე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

მთავარი ფოტო: ავტორი ნინო ფრუიძე/Facebook

მასალების გადაბეჭდვის წესი