ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

სააგენტო: სვანეთში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება

12 ივლისი, 2019 • 3340
სააგენტო: სვანეთში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციისათვის მილიონ ექვსასი ათასი ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს, რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვლება და განახლდება.

„ნაგებობათა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება გამოფიტული კედლების საპირე წყობა. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციითა და რკინის სალტეებით გამაგრდება. სრულად შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება და ანტისეპტიკურად დამუშავდება.

კირ-დუღაბის ხსნარით გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები. იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით სრულად აღდგება მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები. შეიცვალება ნაგებობების ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდება და ნაჭედი რკინა-კავეულით გაეწყობა.

წელსვე განხორციელდება იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის გალავნისა და სამლოცველოს სარესტავრაციო სამუშაოებიც“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, სარეაბილიტაციო სვანური კოშკებისა და მაჩუბების ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები ივლისში იწყება და წელსვე დასრულდება. ასევე, წელს გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

_________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი