ტვ პირველის ოფისთან, სადაც გახარია სტუმრად იმყოფება, აქცია იმართება

ტელეკომპანია “პირველის” ოფისთან ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გახარია ტელეარხის შენობაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში არის სტუმრად მისული. გახარია 20 ივნისის დარბევასა და მის თანმდევ მოვლენებზე საუბრობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა გახარიას გადადგომაა. მათი თქმით, გადაცემის დასრულების შემდეგ კვლავ დაბრუნდებიან პარლამენტის წინ და შეუერთდებიან მთავარ აქციას. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გახარიას დახვდებიან ყველგან, სადაც ის მივა.

როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ტელეკომპანია “პირველის” შენობას პოლიციელთა კორდონი იცავს და აქტივისტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი გახარიას გადადგომას 20 ივნისის დარბევის შემდეგ ითხოვენ. მოქალაქეთა ნაწილი სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას აქციის დარბევისთვის, რა დროსაც დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, ორმა კი თვალი დაკარგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.