ახალი ამბები

ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე – თალაკვაძე მელიაზე

11 ივლისი, 2019 • 853
ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე – თალაკვაძე მელიაზე

“მე პირადად ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოადგენას იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე. მე ვიმყოფებოდი პარლამენტში და მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალს პირდპაირ ეთერში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც 20 ივნისის დარბევის დაწყებამდეა გადაღებული.

თალაკვაძის თქმით, ეს არის “პოლიტიკური მანევრი” ოპოზიციის მხრიდან:

“მესმის, რომ ოპონენტების დაცვას აქვს მცდელობა თავიდან აიცილონ თუნდაც პოლიტიკური პასუხიმსგებლობა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ტიპის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანევრებია. აქ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება სცადა ძალადობრივი სცენარისთვის კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომლის დიდი ნაწილი პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს მოიცავს. მელიას თქმით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ხალხთან ათანხმებდა.

“ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით.

პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ-გახარიამ”, – აღნიშნავს ის.

მელიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული კადრები 9.5-წუთიანია. მასში ენმ-ის ლიდერები, მათ შორის, თავად ნიკა მელია, ასევე გრიგოლ ვაშაძე და გია ბარამიძე ჩანან. ისინი აქციის მონაწილეებს მიმართავენ და ეკითხებიან, დათანხმდნენ თუ არა ხელისუფლების შეთავაზებას შეხვედრის შესახებ. ვიდეოს ბოლოს, სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლას იწყებს.

ვიდეოთი დაინტერესებისაკენ საგამოძიებო უწყებებს სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი