ახალი ამბები

პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

15 იანვარი, 2015 • 1153
პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით,  გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რომლის წინაშე საზოგადოებას დგას, მან აუცილებლად მიიჩნია, რომ 2015 წელი ქალის წლად გამოეცხადებინა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე ისაუბრა, რომელსაც ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები, დიპლომატები, ქალი დეპუტატები, მთავრობისა და საზოგადოების წარმოამდგენლები და სახალხო დამცველი დაესწრნენ.


„ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც დაინგრა კლასიკური და დადგენილი სტრუქტურები ჩვენი საზოგადოებისა, ეკონომიკისა, სწორედ ქალებმა აიღეს თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, ქალებმა გადაიტანეს საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების რთული ნგრევა.  დასაქმების თვალსაზრისით სწორედ  ქალბატონები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო იოლად მოერგნენ იმ ცვალებად პირობებს და რეალურად გადაარჩინეს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა.   ასევე ქალბატონებს ეხება ის რეალობა, რომელიც ჩვენ შარშან ძალადობასთან დაკავშირებით დავინახეთ და რომელსაც ალბათ ჯერჯერობით ადეკვატურ ახსნას ვერავინ მოუძებნის. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ თემაზე, როგორც  წარსულში, ისე ვსაუბრობთ,”– განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას თქმით, ქალები მაღალ თანამდებობებზე უნდა ინიშნებოდნენ.

 

„ქალის ბუნება ძალიან ტოლერანტული, მშვიდი, მზრუნველობით სავსეა. ამიტომ ვთვლი, რომ ქალები მაღალ თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდნენ. ეს ზოგადად მთელი ქვეყნისათვის იქნება კარგი.  ქალები  პოლიტიკური საქმიანობით უნდა დაკავდნენ და უფრო გააქტიურდნენ,“– განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი