ახალი ამბები

დღეიდან გარემოს დაბინძურება 50-დან 5 000 ლარამდე ჯარიმით ისჯება

15 იანვარი, 2015 • 4413
დღეიდან გარემოს დაბინძურება 50-დან 5 000 ლარამდე ჯარიმით ისჯება

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის.


“ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმისთვის, რომ დავამკვიდროთ ერთხელ და სამუდამოდ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს კიდევ ერთხელ კარგად, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისგან – ეს არის თოთოეული ჩვენგანის ვალი და ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და ახლა უკვე კანონს,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება 100 ლარით დაჯარიმდება.


ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში მძღოლი 120 ლარით ჯარიმდება; ხოლო საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან 2კგ–მდე ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში  დამრღვევი 120 ლარით დაჯარიმდება.

 

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვლის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი