ახალი ამბები

დონალდ ტუსკმა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა

11 ივლისი, 2019 • 2011
დონალდ ტუსკმა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიას ვაჟა-ფშაველას სიტყვებით ქართულად მიმართა. ტუსკმა აღნიშნული საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში ახსენა.

“ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია” – ვაჟა-ფშაველას ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ტუსკს კონფერენციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ქართველი პოეტის ეს სიტყვები დღესაც ძალიან აქტუალურია.

დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას როგორც საქართველოსა და პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებისთვის, ისე თავად ევროპისთვისაც.

“ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, აგრეთვე არის გაფართოებული და ღრმა ურთერთობის ხელშეკრულება სომხეთთან. და გვაქვს უფრო გამჭვირვალე ურთიერთობები ბელარუსთან. ამან გახსნა ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ  ჩვენი ეკონომიკური კავშირები. ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების გაზრდაზე, ვმუშაობთ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ჩვენ ახლა ვახდენთ ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციასაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ განათლების სისტემის განვითარებას და ჩვენ ველოდებით, რომ წელს მოხდება დაახლოებით 80 ათასი სტუდენტის გაცვლა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან, ხელს უწყობს ვაჭრობის გაზრდას და გაფართოებას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.

“მე პოლონეთის წარმომადგენელი ვარ. ამ ვიზალიბერალიზაციამ, ევროკავშირთან ასეთმა დაახლოებამ,  მე გამაცნო ბევრი თქვენი ქვეყნის შესახებ, დავინახე მისი კულტურისა და ისტორიის სიმდიდრე.ობიექტური ჭეშმარიტებაც დაადგინეს დასავლეთ ევროპელებმაც.

აღმოსავლეთ პარტნიორობა იმისათვისაა შექმნილი, რომ ეს უარყოფითი რაღაცები წაიშალოს. ეს პარტნიორობა შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს ყველა პარტნიორ ქვეყანაში”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა უსაფრთხოების საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიოორბის პროგრამის მიზანი არ არის კონფლიქტების მოგვარება, ის ხელს უწყობს სტაბილურობას ქვეყანაში.


“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი