ახალი ამბები

რ2-ის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვს

10 ივლისი, 2019 • 1788
რ2-ის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვს

რუსთავი 2-ის პარტნიორთა კრებაზე, რომელიც დღეს, 17 საათზეა ჩანიშნული, ნიკა გვარამიას გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დააყენებს. ინფორმაციას ნიჟარაძის ადვოკატზე დაყრდნობით IPN ავრცელებს.

“ბოლოს გავრცელებული განცხადება, ჩვენი შეხედულებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის სრულიად მიუღებელი განცხადებაა, გასულია ყველანაირი დასაშვები ფარგლებიდან. ჩვენი, როგორც პარტნიორის შეხედულებით, იწვევს “რუსთავი2″-ის დისკრედიტაციას და იწვევს ტელეარხის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას. მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი”, – განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა “ინტერპრესნიუსს”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა რუსთავი 2-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მათთვისაც მედიით გახდა ცნობილი. 

“ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვესაუბრეთ და ველოდებოდით მისგან პასუხს, რომ შეიძლებოდა გადადებულიყო კრება, პასუხი არ მოუცია და დღეს პრესით გავიგეთ, რომ გვარამიას სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს და ითხოვს მის გადაყენებას” ,- უთხრა მურადაშვილმა ნეტგაზეთს.

ნიჟარაძის მოთხოვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ნიკა გავრამია: “აგერ, მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები – იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს”, – ამბობს გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი