ახალი ამბები

ჩუგოშვილი: შსს-მ მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო

9 ივლისი, 2019 •
ჩუგოშვილი: შსს-მ  მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ოთხი აქციის უსაფრთხოდ ჩატარება – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი. 

“გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.

მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ “ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია. 

გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც”, – წერს ჩუგოშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 


გუშინ თბილისში ოთხი აქცია გაიმართა:

  1. თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული “ღირსების მარში” – რომელიც 7 ივლისს, დილით უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა, რადგაც იქ პრაიდის მოწინააღმდეები მივიდნენ. მარში მაინც გაიმართა  საღამოს, თუმცა, მცირე ხნით, უსაფრთხოების გამო.
  2. პრაიდის მოწინააღმდეგებმა დაიკავეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ის ტერიტორია, სადაც მანამდე ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობდა დღეების განმავლობაში.
  3. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტთან ვეღარ მივიდნენ და მთელი ღამის განმავლობაში აქციას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე, კინო “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციას ანტიოკუპაციურ და ჰომოფობიურ აქციებს შორის კორდონი ჰქონდა გაკეთებული.
  4. აქცია გაიმართა ასევე რუსთავი 2-ის შენობასთან, ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი