თემირლანის საქმეზე პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილება კიდევ არ მიუღია – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პირობის მიუხედავად, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიიღო.

დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარე წლის 6 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიიღებდნენ.

“ამბობდნენ, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ორ თვეში დაიდებაო. ორ თვე გავიდა და რამდენიმე დღეც გადასცდა. პასუხი კი არანაირი არ არის. ესენი [პროკურატურა] იძახიან, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რეალურად არანაირი გამოძიება არ არის. უბრალოდ, დროს წელავენ. ამ ხელისიფლების პირობებში არასდროს იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ დავაშავეთ. ამას გარდა, ხელისიფლების შიგნით, სისტემაში იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმიწფო შეცდომას არ აღიარებს. პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლებას, ამ ბოროტ სისტემას ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, ამას ვათქმევინებ. მთელ ქვეყანას ვაძლევ პირობას”,-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

26 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ამის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხელმოწერებს აგროვებენ:

“უარი თქვეს საგამოძიებო კიმისიის შექმნაზე [პარლამენტმა], მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა ამ მეთოდით ვაიძულოთ ხელისუფლება, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. დარწმუნებული ვარ, პირველ დღესვე ნახევარი საქართველო გაიგებს, რაში ყოფილა საქმე.”


  • ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ახლო ნათესავის ცნობას ითხოვს. ამის შესახებ საუაბრია ომბუდმსმენის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში შევიდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლოეს 2 თვეში დასრულდება გამოძიება – პროკურატურა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.