ახალი ამბები

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის მასალები არ გაგვაცნო – ომბუდსმენის ანგარიში

1 აპრილი, 2019 • 960
პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის მასალები არ გაგვაცნო – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ახლო ნათესავის ცნობას ითხოვს. ამის შესახებ საუაბრია ომბუდმსმენის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში შევიდა.

ანგარიშის თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა. ამ საქმეში, სახალხო დამცველის შეფასებით, ცენტრალური საკითხია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხი.

“2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი არაერთგზის საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე არ გაგვაცნო.

სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი.

შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

“ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს. გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე.

ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად”.

ანგარიშის თანახმად, ამავე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანხმობით შეისწავლა სუს-ის წარმოებაში არსებული გამოძიებისა და სასამართლოში არსებული საქმის მასალები.

“ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის შესაფასებლად სახალხო დამცველმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით წარუდგინა. მასალების შესწავლის შედეგებით და სააგენტოს პასუხით არ გამოიკვეთა უფლებების დარღვევების ნიშნები ამ მიმართულებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი