ახალი წლის დასაწყისიდან, აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადი გააუქმა. იმპორტიორები რუსეთიდან ვალდებულები არიან აფხაზეთის საბაჟო სამსახურს წარუდგინონ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული სერტიფიკატი პროდუქციის წარმომავლობის შესახებ – განუცხადა “სპუტნიკ აფხაზია”-ს აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მსოუსტ შამბამ.
“აფხაზეთსა და რუსეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აუქმებს საბაჟო გადასახადსა და რაოდენობრივ შეზღუდვას ორმხრივ ვაჭრობაში. თუმცა საბაჟო საზღვარი და სასაზღვრო პოსტები, რომლებიც პროდუქციის წარმომავლობას აკონტროლებენ, კვლავ შენარჩუნდება”, – განაცხადა შამბამ.
“სპუტნიკ აფხაზია”-ს ინფორმაციით, პროდუქციის გარკვეული კატეგორია არ ექვემდებარება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. აფხაზეთი არ აუქმებს საბაჟო გადასახადს რუსეთიდან იმპორტირებულ ჩაიზე, წყალზე, ალკოჰოლურ სასმელსა და სიგარეტზე.
“მიუხედავად თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა, შეთანხმება შეიცავს პროტექციონიზმის ელემენტებს გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე. კერძოდ, ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მიზნით და ზოგიერთი პროდუქციის საბიუჯეტო მაფორმირებელი ხასიათის გამო, აფხაზეთმა დაადგინა იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება საბაჟო გადასახადს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდანაა შემოსული”, – განმარტა შამბამ.
მისი თქმით, ანალიზი აფხაზეთის 2014 წლის საგარეო ვაჭრობის შესახებ იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტს, საბაჟო გადასახადის სახით, დაახლოებით 150 მილიონი რუბლი დააკლდება.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. რუსულმა მხარემ საბაჟო გადასახადი აფხაზურ პროდუქციაზე გასული წლიდან გააუქმა. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ ვრცელდება რუსეთის ფადერაციაში აფხაზეთიდან შემავალ ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა შაქარი, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი – წერს “სპუტნიკ აფხაზია”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |