ახალი ამბები

ანტისაოკუპაციო და ჰომოფობიური აქციების მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს

9 ივლისი, 2019 •
ანტისაოკუპაციო და ჰომოფობიური აქციების მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს

პარლამენტთან 9 ივლისის დილასაც გრძელდება აქცია. კვლავ პოლიციის კორდონი ჰყოფს ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეებს და ვასაძე-მმკ-”ქართული მარშის” აქციას. 

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მთელი ღამის მანძილზე ითხოვდნენ იმ ადგილამდე მიღწევას, სადაც მათი მონაწილეების ნაწილი რჩებოდა, მათ შორის მოშიმშილეები, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან ეს ადგილი 8 ივლისს დაიკავეს ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავიდან თბილისი პრაიდის “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამოვიდნენ. შემდეგ ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ შეხვდებოდა და არ მისცემდა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობას. შუაღამისას მათი დაშლა მამა დავით ისაკაძემ სცადა. 

მან პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ ისინი დაიშლებოდნენ, ანტისაოკუპაციო აქციაც დატოვებდა რუსთაველს, ხოლო გამზირი ბანერებისაგან გასუფთავდებოდა.

პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები, ისაკაძის მოწოდების მიუხედავად, არ დაიშალნენ, იყო შეძახილები, რომ მათ არ სჯერათ ზემოხსენებული პირობის. 

ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დარჩნენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებიც და მთელი ღამე იქ გაათენეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი