ახალი ამბები

პრაიდის “ღირსების მარში” შსს-სთან ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

8 ივლისი, 2019 • 5932
პრაიდის “ღირსების მარში” შსს-სთან ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-ს ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და დასკვნითი ღონისძიება: ღირსების მარში ჩაატარეს. მათ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

აქტივისტებმა მსვლელობა შსს-ს შენობის ირგვლივ გამართეს და გახარიას გადადგომა მოითხოვეს. აქტივისტები ამბობენ, რომ შსს ვერ უზრუნველყოფს ლგბტ თემის უსაფრთხოებას და ვერ აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ როდესაც ფაშისტურ, ძალადობრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს.

ღირსების მარში “თბილისი პრაიდის” დასკვნითი ღონისძიება იყო. ორგანიზატორებმა ის რამდენჯერმე გადადეს, თუმცა საბოლოო ადგილად შსს აირჩიეს. აქტივისტები განმარტავენ, რომ შსს უნდა იყოს ის უწყება, რომელიც უპირველესად ადამიანების უფლებებზეა მორგებული.

“სახელმწიფო სად ხარ?” – მათ ამ შინაარსის პლაკატები მიიტანეს შს სამინისტროსთან და სტვენით გამოხატეს პროტესტი.

“ბოლო  თვის განმავლობაში წარმოუდგენელად შემაშფოთებელი ფაქტები ვიხილეთ, რასაც არც ჩვენი თემი და არც ქართული საზოგადოება მოითმენს”, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ, ქვიარ აქტივისტმა და პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მისი თქმით, შსს-მ ფაშისტურ, ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა უნდა შეწყვტოს. კვარაცხელია აცხადებს, რომ შსს ამ ჯგუფებს მშვიდობიანი აქციების ჩასახშობად იყენებს, როცა აქციის ორგანიზატორებს ეუბნება, რომ კონტრაქციის გამო მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს.

“გახარიამ მშვიდობიანი ადამიანები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს”, – განაცხადა პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაზო სოზაშვილმა.


8 ივლისს დილას დაგეგმილი ღირსების მარში (თბილისის პრაიდი) ვერ ჩატარდა. პრაიდის მოწინააღმდეგეებმა წინა ღამითვე გაიგეს, სად და რა დროს იგეგმებოდა პრაიდის ჩატარება, შესაბამისად, ორგანიზატორების თქმით, შეკრება მომეტებული საფრთხის შემცველი იყო, შსს-სგან დაცვის გარანტია არ ჰქონდათ და დროებით გააუქმეს.

ორგანიზატორებმა წინა დღით განაცხადეს, რომ მარში 8 ივლისს ჩატარდებოდა, რასაც მალევე მოჰყვა მოწინააღმდეგეების მობილიზაცია. მათ განაცხადეს, რომ ქვიარ უფლებების აქტივისტებს არ მისცემდნენ შეკრების საშუალებას.

7 ივლისს, გვიან საღამოს, დახურულ ჯგუფში დაანონსდა, რომ აქცია დილის 9 საათზე გაიმართებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე, თუმცა ინფორმაციამ მალევე გაჟონა. გვიან ღამით ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, აღარ მისულიყვნენ შერჩეულ ადგილას.

8 ივლისის დილას შსს-სთან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც პრაიდის ჩატარებას აგრესიულად ეწინააღმდეგებიან და არაერთხელ დაემუქრნენ აქტივისტებს ძალადობით. ადგილზე ჯვრით ხელში მივიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, შემდეგ კი თანამოაზრეებთან ერთად წავიდა ვერის ბაღში.

ვერის ბაღში პრაიდის მოწინააღმდეგეები უკვე რამდენიმე კვირაა იკრიბებიან. ვერის ბაღიდან ისინი პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც ამ დრომდე ატარებენ აქციას მმკ-სთან და სხვა ჯგუფებთან ერთად.

პრაიდის ჩაშლის შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი დღის განმავლობაში გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებენ, — ჩაატარებენ თუ არა საერთოდ ღირსების მარშს, თუ კი, სად, როდის და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი