ახალი ამბები

რატომ გაუქმდა “ოქროს სიის” შეღავათები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

8 ივლისი, 2019 • 1264
რატომ გაუქმდა “ოქროს სიის” შეღავათები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს, 8 ივლისს, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მინისტრის შეფასებით, ამ საგადასახადო შეღავათით რეალურად 200-მდე კომპანია სარგებლობდა, რომლებიც “რაღაც კრიტერიუმით” შეირჩნენ. მაჭავარიანი აცხადებს, რომ “ოქროს სიაზე” მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ბიზნესი ამას “გაგებით მოეკიდა”.

“როდესაც საქმე შეეხება “ოქროს სიას”,  უნდა გავიხსენოთ კონტექსტი. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო სავალუტო ფონდის წინაშე და თქვა, რომ “ოქროს სია” გასაუქმებელია. ამ შეღავათს 50 ათასი კომპანია ვერ იყენებდა.  მსხვილ კომპანიებს გადახდის 30-დღიანი შეღავათი ჰქონდათ. ეს იყო უფასო “სესხი” სახელმწიფოსგან. შესაბამისად, [ოქროს სიის] გაუქმება არის პროცესის სწორ ჩარჩოში მოქცევა და კომპანიებისთვის პირობების გათანაბრება”,-აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, 30-დღიანი გადახდის შეღავათის 5 დღემდე შემცირებიდან მიღებული თანხა მოხმარდება პენსიონერი მასწავლებლებისთვის სამინისტროს მიერ დაპირებულ ე.წ ჯილდოს. საუბარია განათლების სამინისტროს მიერ პენსიონერი მასწავლებლებისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე, როცა პედაგოგს შეუძლია სკოლა  ორი წლის ჯამური ხელფასის სანაცვლოდ დატოვოს. ამასთან, მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ იმპორტის გადასახდელის შეღავათი 2017 ან 2018 წელს რომ გაუქმებულიყო, ეს თანხა სხვა მიმართულებაზე დაიხარჯებოდა.

“ეს იყო შეღავათი 217 მსხვლი კომპანიისთვის, რომელიც რაღაც კრიტერიუმებით შეირჩნენ. ისინი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები არიან, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კიდევ არის 50 ათასამდე კომპანია.. დღეს ამ საკითხზე ვისაუბრეთ და მივედით კონსენსუსამდე. ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ მოვლენას”,-აცხადებს მინისტრი.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ “ოქროს სიის” საკითხი ამოწურულია, თუმცა ასოციაციის წევრები არ ეთანხმებიან მსხვილი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათის გაუქმებას.

“ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს რეგულაცია გაუქმებულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები, რის გამოც გაუქმება არ მოხდა. მაინც ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის კონსტრუქციულად და რაციონალურად ვცდილობთ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამავე დროს, ვუსმენთ მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების გაუქმება გვინდოდა, ამ ეტაპზე ეს არ ხერხდება”,-ამბობს ფხაკაძე.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი იხდიდა საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა. ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდა, ხოლო სხვა შემთხვევაში- 2 ივლისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი