“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გიორგი გაბუნიას განცხადებას “უბინძურეს პოლიტიკურ პროვოკაციას” უწოდებს. ვოლსკის მტკიცებით, “ამ პროვოკაციის” მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ხელახლა დაძაბვა იყო.

გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გინებაზე ვოლკიმ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსთავი 2 ცდილობს საზოგადოებისა და ხელისუფლების რეაქციები, რაც პირდაპირ ეთერში გინებას მოჰყვა, სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად გაასაღოს.

“ის, რაც ჩვენ რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელევიზიის სარედაქციო ექსცესი. ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის”მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ რუსთავი 2-ზე გადის. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორისა და იმავდროულად “ნაციონალური მმართველობის” პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართათ, მაგრამ წინაპრების საფლავების გინება პირადპირ ეთერში სცდება არა მარტო ქართველ და ზოგადად კავკასიურ, არამედ მთლიანად ცივილიზაციის ჩარჩოებს.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას. ეს განცხადება პირდაპირ და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლებისა და საზოგადების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ”, – აცხადებს ვოლკსი.


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის- გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.