რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ ქართულ-რუსული ურთიერთობები „უნდა გაიყინოს“ – ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პრიმაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.
„სიცივე აჯანსაღებს. უცნაურია მხოლოდ ის, რომ ამასთან შეკამათებას ცდილობენ სწორედ ქართველი ტურბო-პატრიოტები იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მეტად ყვირიან – „თავი დაანებეთ საქართველოს, დაგვშორდით“. – დიახ, დაგვითანხმეთ, აღარ ჩამოვალთ თქვენთან, აღარ ჩამოვფრინდებით, უკვე თქვენით გამოსცურეთ“. „ოჰ, თქვე ვერაგო მტრებო, ასე როგორ შეგიძლიათ“. შეგვიძლია. ეს ჩვენ არ გვახარებს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია“, – წერს პრიმაკოვი.
რუსული გამოცემის ცნობით, რუსეთის დუმის დეპუტატი ასევე წერს, რომ მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელი, მაგრამ „ბოდიში არ გახმიანებულა.“
„როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან პაუზა დღემდე გაიწელა. გაგრძელება იქნება“, – წერს პრიმაკოვი „ტელეგრამზე“.
დღეს, რვა ივლისს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა. რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს აუკრძალა. პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით დროებითი აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
_________________
7 ივლისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლები. ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -მა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.
პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი. ჟურნალისტის ქცევა ხელისუფლების მხრიდან შეფასდა როგორც პროვოკაცია და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ „რუსთავი 2“-ის წამყვანის საქციელს სათანადო შეფასება მისცეს.
7 ივლისს, გვიან ღამით, რუსთავი 2-ის შენობის წინ მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვდნენ, ასევე, პოლიციამ დაიწყოს გამოძიება წამყვანის გინების გამო. ტელეკომპანია „რუსთავმა 2“ -მა 8 ივლისს, დილის 02.00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა. საპროტესტო აქცია 04:00 საათამდე გაგრძელდა.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიამ გიორგი გაბუნიას ქმედება შეაფასა როგორც არაეთიკური და უპასუხისმგებლო.