თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს, რომ მთელი გუშინდელი დღე იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, ევროპისკენ მიმავალი საქართველოს თითქმის ერთთვიან ზეიმთან დაპირისპირების, ამ აქციების არსისა და მნიშვნელობის ნიველირების მცდელობა და “რუსთვი 2”-ის წამყვან გიორგი გაბუნიას ღამის ეთერმა, უბრალოდ, დააგვირგვინა შეტევა რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებზე.
“სოლიდარობა, პირველ რიგში, გვერდში დგომას და მინიმუმ ხელის არშეშლას ნიშნავს მანამ, სანამ იმათი მიზანი, ვისთანაც სოლიდარული ხარ, არ არის მიღწეული. გუშინ სწორედ რომ პრორუსული სენტიმენტების ხელახალი მობილიზების, ახალი ენერგიის ჩასხმის მცდელობა განხორციელდა სხვადასხვა მხრიდან. გარდა იმისა, რომ დავადგინეთ, გაბუნია უზრდელია, “რუსთავი 2″-ზე პოზიციის გამოხატვა მეგაუზრდელობის გარეშე არ შეუძლიათ და წუხელ წამყვანმა საკუთარი არხის დირექტორი უხამსობის დიდ შეჯიბრში გამოიწვია, კიდევ ბევრი რამ გაირკვა გუშინ”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
თავდაცვის ექსმინისტრის შეფასებით, გაბუნიას გინება ეწერება საქართველოს საწინააღმდეგო საინფორმაციო ომის სტრატეგიაში ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, კოზირს აძლევს ხელისუფლებას დისკურსის შეცვლისთვის, ასევე, ხელი გაუხსნა ხელისუფლების მწყობრში ჩამდგარ ბოდიშს, რომელიც სახელმწიფოებრივ ღირსებას გვილახავს.
“პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, სპეციფიკური და უკიდურესი არაკომპეტენტურობის საზომია: ტელევიზიის წამყვანის სიტყვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ომის პროვოცირებას ვერ გამოიწვევს. ხელისუფლებაში თქვენ ხართ, თქვენ! მაგრამ, ალბათ, ისე დაასრულებთ ხელისუფლებაში ყოფნას, რომ ამას ვერასდროს გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ! ომის პროვოცირებაც და არდაშვებაც მხოლოდ თქვენს ხელთაა და მეტი არავისი!”, – წერს ხიდაშელი.
ის იმედოვნებს, რომ ქალაქის მერის მიერ დაანონსებული “მკაცრი რეაგირება” იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ ტელევიზიას სუპერუზრდელი წამყვანი აღმოაჩნდა, ემოციური წამოცდენა იყო და ასეთად დარჩება.
“მე კი, ჩემო ხელისუფლებავ, ამ ზღვარგადასულ “კდემამოსილებაში”, წუხელ რომ დაგემართათ, უფრო იმან შემაძრწუნა, რომ რუსეთისთვის, რუსებისთვის, ამხანაგი პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შანსი გაგიჩნდათ და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ და დასწრებაზე ხართ. თორემ ზღვარსგადასული უზრდელობა რომ გაწუხებდეთ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გექნებოდათ ხოლმე უხერხულობა…ამ სტატუსის დაწერის დროს ასჯერ დავგმე უზრდელი გაბუნია. იმიტომაც რაც მოვისმინეთ, და უფრო კი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოსადმი მიმართვა გაავრცელებინა, ჩემს ქვეყანაში ერთი უზრდელი ჟურნალისტი მყავს და აუცილებლად უნდა შეაფასოთ მისი საქციელიო”, – წერს ხიდაშელი.
მოქალაქეების ჯგუფი „რუსთავი 2“-თან 7 ივლისს, გვიან ღამით შეიკრიბა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება გააპროტესტა. აქცია დაახლოებით ღამის 4 საათზე დასრულდა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.