ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე მოწმის სტატუსით გამოკითხეს

6 ივლისი, 2019 • 2160
გიორგი ბარამიძე მოწმის სტატუსით გამოკითხეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მოწმის სტატუსით სასამართლოში გამოკითხეს. 

ამის შესახებ მან 6 ივლისს, “რუსთავის 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სურდა, თუმცა ბარამიძემ განაცხადა, რომ მზად იყო  ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მიეცა. 

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა გიორგი ბარამიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოეკითხათ. 

ბარამიძე ამბობს, რომ გამოკითვა დაახლოებით  ორ საათს გაგრძელდა და  მისგან აინტერესებდათ რა ხდებოდა 20-21 ივნისს:

“გამომდინარე იქიდან, რომ 20 ივნისს 9-10 საათიდან დილის 7 ის წუთებამდე ვიყავი იმ ადამიანებთან,  ვინც პროტესტს გამოხატავდნენ, მქონდა საშუალება აღმეწერა, რა ხდებოდა”. 

ბარამიძის გარდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე გამოძიების ფარგლებში გიგი უგულავას  და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვაზე შუამდგომლობითაც მიმართა სასამართლოს, რადგან მათაც უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე, თუმცა მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენების მოსამართლის თანდასწრებით მიცემაზე. თუმცა აჟამად ირაკლი ოქრუაშვილი და უგულავა საქართველოში არ იმყოფებიან. 

20-21 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს დაწყებული. 

კოდექსში ეს მუხლი შემდეგნაირად არის განმარტებული: 

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა

  1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
  1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ამ გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ამ საქმეზე პოლიციამ ასევე დააკავა ოთხი პირი, რომლებსაც 6 ივლისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი