“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს აქციის დარბევა გაამართლოს იმით, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა.
ბარამიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გუშინ დაუკავშირდნენ და პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს, თუმცა მისი პოზიცია იყო, რომ ჩვენება სასამართლოში მიეცა.
“ალბათ, გამოძიებას აინტერესებს გარკვეული საკითხები, რაც “გავრილოვის ღამეს” უკავშირდება. თავიდან ბოლომდე იქ ვიყავი. მათ უნდათ, ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს- ხალხის დარბევა, თვალების თხრა და პარლამენტიდან ძალიან შორს ხალხის დილამდე დევნა – გაამართლონ იმით, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა. სწორედ ეს ხაზი აქვს ივანიშვილის პროპაგანდას. იმის მიუხედავად, რომ არანაირი საქმე სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით აღძრული არ არის, ანუ ამ საკითხზე იურიდიულად არავინ საუბრობს. ეს არის პიარი, რათა თავი გაიმართლონ და პასუხისმგებლობა აირიდონ. უნდათ, ოპოზიციის ლიდერების გამოკითხვითა და ზოგადად საგამოძიებო პროცესში ჩართვით, აქცენტი გადაიტანონ და აიჩვენონ, თითქოს ეს ის ხალხია, ვინც “ვარდების რევოლუცია 2″-ს აწყობდა, რაც სრული აბსურდია. ეს მათი პიარ ტაქტიკის ნაწილია, რათა პასუხისმგებლობა სხვას დააკასრონ, თუმცა ეს არ გამოუვათ”,- აცხადებს ბარამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ გიგი უგულავას, გია ბარამიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის მიერ მოხდეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ პირებმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად მისვლაზე. შსს-ს ინფორმაციითვე, უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვა პროკურატურის მიერ იგეგმება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.