ახალი ამბები

გახარიას გადადგომასთან არ არის ასოცირებული ეს მუსიკა – ქეთათო ჩარკვიანის მუსიკაზე

6 ივლისი, 2019 • 1937
გახარიას გადადგომასთან არ არის ასოცირებული ეს მუსიკა – ქეთათო ჩარკვიანის მუსიკაზე

“ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა ეს მუსიკა ტრიალებდეს. გახარიას გადადგომასთან არ არის რა ასოცირებული ეს მუსიკა. ეს მუსიკა კიდევ ბევრჯერ იქნება აქტუალური”, – ამბობს მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი “სირცხვილიას“ აქციებზე მისი გარდაცვლილი ქმრის, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების ჩართვაზე. 

ამ თემაზე განცხადება თავდაპირველად მან 4 ივლისს ფეისბუკზე გამოაქვეყნა, 5 ივლისს კი “რუსთავი 2”-ს მისცა ინტერვიუ და არ გამორიცხა, რომ “თუ გააბრაზებენ”, შეიძლება სასამართლოს მიმართოს. 

“გადმოვცურავ ზღვასო, ერთხელ, ორჯერ გაუშვეს ბიძინას სახლთან. გასაღვიძებლად სხვა რამე ჩაურთონ”, – ამბობს ის. 

მისი თქმით, თვითმიზანი არა აქვს, რომ სასამართლოს მიმართოს, თუმცა: 

“როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ”. 

ქეთათო განმარტავს,  რომ მისი პოსტი აქციის ორგანიზატორებს ეხებოდა და არა მონაწილეებს.

რუსტავი 2-ზე გასულის სიუჟეტის შემდეგ ქეთათომ  კიდევ ერთ პოსტი გამოაქვეყნა:

“გუშინ დამიკავშირდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და მთხოვა კომენტარის გაკეთება ჩემს სტატუსთან დაკავშირებით. ინტერვიუში დეტალურად ვთქვი ჩემი სათქმელი, მაგრამ რადგან სატელევიზიო ფორმატი მონტაჟს ექვემდებარება, ყოველი შემთხვევისთვის აქაც დავწერ, რომ აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა ,,საქართველო?!” სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?!

მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ამ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შესაძლოა მთელი ზაფხული ამ არასახარბიელო რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია. ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს.
რაც შეეხება აქციების ორგანიზატორებს, მე მათ ვიცნობ და ანტისაოკუპაციო გამოსვლების დროს არაერთხელ დამკავშირებიან და სიტყვიერი თანხმობით მომხდარა კომპოზიციის გაშვება, რაშიც ანაზღაურება არ მომითხოვია. ახლა უკვე მე დავურეკე ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვთხოვე აღარ გაეშვათ კომპოზიციები, რისი მოთხოვნის — არადა, მე თხოვნით მივმართე, — როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს და ამდენი უაზრო ქილიკი, ქოც-ნაცობის ჟრიამული, დაუოკებელი და ღვარძლიანი კომენტარი, მორალის კითხვა ნამდვილად აღარ არის საჭირო. წინა სტატუსი ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა და ალბათ რომ დამეთაგა, ამხელა ემოციურ ფოიერვერკს აგარიდებდით:) “.

 

წაიკითხეთ: ქეთათო ამბობს, რომ “სირცხვილიას“ აქციებზე ჩარკვიანის სიმღერების დაკვრა ქურდობაა

თბილისში მიმდინარე აქციებს ფეისბუკზე ირაკლი ჩარკვიანის მამა, გელა ჩარკვიანიც გამოეხმაურა: 


“დიდი ხანია ასე არ მდომებია ტელევიზორის ჩართვა. შვიდ საათს ველოდები იმისათვის, რომ კვლავ დავინახო ჩვენი გულანთებული ახალი თაობა, რომლისთვისაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უმაღლესი რანგის ღირებულებებია”, – წერს გელა ჩარკვიანი.

მეფე, ქეთათოს საჩივრები და ქართული ალტერნატიული მუსიკის იუთუბარხების წაშლის საფრთხე

მასალების გადაბეჭდვის წესი