ახალი ამბები

ქეთათო ამბობს, რომ “სირცხვილიას“ აქციებზე ჩარკვიანის სიმღერების დაკვრა ქურდობაა

3 ივლისი, 2019 • 3316
ქეთათო ამბობს, რომ “სირცხვილიას“ აქციებზე ჩარკვიანის სიმღერების დაკვრა ქურდობაა

მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ “სირცხვილიას“ აქციებზე მისი გარდაცვლილი ქმრის, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრა ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებაა.

ქეთათო ამით აქციის ორგანიზატორებს მიმართავს, რომელთა გადაწყვეტილებითაც, ყოველდღე აქციაზე ჩარკვიანის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის “საქართველო“ და “გვარდია“ ისმის.

“როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტრყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს.

უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია – სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც ,,მძინარე მზეთუნახავისთვის” ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და, რა თქმა უნდა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“,- წერს ქეთათო საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.

სტატუსს გამოქვეყნებისთანავე მოქალაქეებისგან კრიტიკა მოჰყვა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ჩარკვიანის სიმღერები ყველას ეკუთვნის. “მე მგონი, ირაკლი ცოცხალი რომ იყოს, იქ იქნებოდა და ცოცხლად შეასრულებდა იქ მყოფი ადამიანებისთვის თავის მუსიკას“, – წერს ერთ-ერთი მათგანი.

პირველი განცხადების შემდეგ ქეთათომ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ჩარკვიანის სიმღერებზე თანამედროვე ბალეტის დადგმა იგეგმებოდა, თუმცა “არ უშვებენ ჩვენთან მოცეკვავეებს, იმდენად მისი ხმა კონკრეტულ პროტესტს უკავშირდება. სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქეთათო პოპიაშვილი ჩარკვიანის სიმღერებზე საავტორო უფლებების ფლობაზე საუბრობს. 2017 წელს ქეთათომ ქართული ალტერნატიული მუსიკის რამდენიმე youtube არხი დაარეპორტა, რადგან მათ ჩარკვიანის სიმღერები გამოაქვეყნეს.

ვრცლად:

მეფე, ქეთათოს საჩივრები და ქართული ალტერნატიული მუსიკის იუთუბარხების წაშლის საფრთხე

გარეკანი ფოტო: გოგიკო სყვარელიძე. წყარო: ქეთათოს ფეისბუკი

მასალების გადაბეჭდვის წესი