ახალი ამბები

უმრავლესობამ 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტის დადგენილების პროექტი შეიმუშავა

5 ივლისი, 2019 • 1058
უმრავლესობამ 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტის დადგენილების პროექტი შეიმუშავა

საპარლამენტო უმრავლესობამ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასების მიზნით პარლამენტის დადგენილების პროექტი შეიმუშავა.

დადგენილების პროექტში საუბარია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებზე დემონსტრანტების მხრიდან, პოლიციის ქმედებები კი ლეგიტიმურად არის შეფასებული.

“ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებელ საბაბად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ასევე, პოლიტიკურ და მორალურ პრინციპებს. მოგაგონებთ, რომ აღნიშნულს წინ უძღოდა ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური არაერთგზის საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობის თაობაზე. უდავოა, რომ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება წარმოშობს უშუალო საშიშროებას როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის”, – ნათქვამია დადგენილების პროექტში, რომელიც მედიას პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააცნო.

10-პუნქტიან დადგენილების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების მცირედი ფაქტიც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

“საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალიხსმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროულად და სიღრმისეულად გამოსაძიებლად”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს პარლამენტი 20-21 ივნისის მოვლენებზე დადგენილების ორი პროექტს განიხილავს. 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” ითხოვს. ენმ-ის პროექტი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას და “გავრილოვის სიის” შედგენას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ენმ 20 ივნისის მოვლენების შეფასებას და ე.წ. გავრილოვის სიის შედგენას ითხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი