ახალი ამბები

ენმ 20 ივნისის მოვლენების შეფასებას და ე.წ. გავრილოვის სიის შედგენას ითხოვს

5 ივლისი, 2019 • 746
ენმ 20 ივნისის მოვლენების შეფასებას და ე.წ. გავრილოვის სიის შედგენას ითხოვს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დადგენილების პროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, დღეს პარლამენტში რეგისტრირდება დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას და გავრილოვის სიის შედგენის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის დადგენილების პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში მიზანშეწონილი არ არის. ენმ-ის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ შეფასდეს 20 ივნისს გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული სხდომა, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

“უნდა დადგიდნეს იმ პირთა წრე, ვინც გავრილოვი მოიწვია, უზრუნველყო სხდომის ჩატარება. ასევე, უნდა განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც არიან 20-21 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელი. ამასთან, განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი