ახალი ამბები

დემოკრატიული წინსვლა თუ 90-იანებში დაბრუნება? – ბაკურ კვაშილავა პროპორციულ სისტემას აფასებს

5 ივლისი, 2019 •
დემოკრატიული წინსვლა თუ 90-იანებში დაბრუნება? – ბაკურ კვაშილავა პროპორციულ სისტემას აფასებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმათა – 48,68%, თუმცა სადეპუტატო მანდატების 75% მიიღო, რისი საშულებაც მას შერეულმა საარჩევნო სისტემამ მისცა, მოიგო რა თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქი. ეს მაგალითი ხშირად მოჰყავთ არგუმენტად პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სასარგებლოდ.

იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ არ გაამართლა, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადაავადა. 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 20 ივნისის განვითარებულმა მოვლენებმა და სამოქალაქო პროტესტმა პროცესები დააჩქარა –  “ქართულმა ოცნებამ” მზადყოფნა გამოთქვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, თანაც ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.

0%-იანი, იგივე ბუნებრივი ბარიერის შემოთავაზებამ ბევრს 1992 წლის მოწვევის პარლამენტი გაახსენა. მაშინ საარჩევნო ბარიერი 2% იყო და მისი გადალახვა 24-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეძლო. იქნება თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტი ისეთივე ჭრელი, როგორც მესამე მოწვევის? “პროპორციული საარჩევნო სისტემა – დემოკრატიული წინსვლა თუ დაბრუნება 90-იანებში” იყო სწორედ GIPA-ს ​ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, ბაკურ კვაშილავას “სამოქალაქო ეზოში” გამართული ლექციის თემა.

ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც შეეძლოს ქვეყნის დაბრუნება 90-იანი წლების ეპოქაში.

კვაშილავას თქმით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა სხვადასხვა ეფექტსა და შედეგს იძლევა სხვადასხვა ქვეყანაში – საქართველოში კი, როგორც წესი, გამონაკლისი არჩევნების გარდა (2012 წელი), ის ძალა, რომელიც მთავრობაშია, შერეული საარჩევნო სისტემით ღებულობს უფრო მეტ ადგილს პარლამენტში, ვიდრე მიუღია ხმები. მაგალითად: 

[checklist]

  • 2008 წელს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო დაახლოებით ხმების 60% და მანდატების – 80%;
  • 2004 წელს ენმ-მა მიიღო ხმების 68% და მანდატების – 90%;
  • 1999 წელს “მოქალაქეთა კავშირმა” მიიღო ხმების 42% და მანდატების – 52%;
  • 1995 წელს “მოქალაქეთა კავშირმა” 24%-იანი მხარდაჭერით მანდატების 47% მიიღო.

[/checklist]

კვაშილავა ამბობს, რომ ერთი მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, მეორე მხრივ კი, იმის გამო, რომ ბიზნესსექტორი საქართველოს ტიპის ქვეყანაში მხარს ვერ უჭერს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას აქვს აბსოლუტური უპირატესობა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, სადაც ხმების დიდი ნაწილი იკარგება, კიდევ უფრო ამყარებს ამ უპირატესობას.

“ქართული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ, იხვეწებოდნენ პროპორციულ სისტემას, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში ხვდებოდნენ, ამბობდნენ, რომ მაჟორიტარულ სისტემაშია მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი დემოკრატია, ვინაიდან აქ შეიგრძნობა პირდაპირი კავშირი არჩეულსა და ამომრჩვეელს შორის. მაგრამ შედეგი არის აბსოლუტურად აცდენილი ამ რეალობას. ჩვენი შერეული სისტემა გაცილებით აცდენილია ხალხის ნებას, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაჟორიტარული სისტემა”, – ამბობს კვაშილავა.

ნულოვანი ბარიერი

“მთელი ჩვენი უახლესი ისტორია, 2003 წლიდან დღემდე, არის პოლარიზაციის ისტორია, როდესაც ერთი მხარე მეორეს მიუღებლად თვლის და ორივეს აერთიანებს ერთი საერთო დევიზი – შუა უნდა გაიკრიფოს, იმიტომ, რომ მესამე ძალის გამოჩენა არის დაკარგული ხმები და დაკარგული გავლენა ორივე ძირითადი ძალისთვის”, – ამბობს კვაშილავა და დასძენს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით ხელს შეუწყობს  ახალი ძალის გამოჩენას და ახალ პოლიტიკოსებს, მცირე პარტიებს საშაულებას მისცემს, დიდ პარტიებთან მიკედლების გარეშე გამოჩნდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემა გულისხმობს არჩევნების ჩატარებას 0%-იანი ბარიერის პირობებში და ბლოკების გარეშე. კვაშილავას აზრით, ბუნებრივი ბარიერი ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვისაა, რადგან ყველაზე მეტ ადგილს სწორედ ის კარგავს, ასევე, პარლამენტში მყოფი შედარებით დიდი და ძლიერი პოლიტიკური ძალებისთვის: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსთვის”  და შესაძლოა, “პატრიოტთა ალიანსისთვის”, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ვეღარ შეძლებენ იმაზე მეტი მანდატების მიღებას, ვიდრე მხარდაჭერა აქვთ, ასევე, უფრთხიან კონკურენტების გამოჩენას პოლიტიკურ ველზე.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, მაშინ რით აიხსნება, რომ ნულოვანი ბარიერის (რასაც არავინ ითხოვდა) ინიციატივა სწორედ ხელისუფლებისგან წამოვიდა, ხოლო “გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი წვრილი პოლიტიკური ძალები, რომელთაც ლოგიკურად ხელს უნდა უწყობდეს ასეთი სისტემა, 3%-იან ბარიერს და ბლოკებს უჭერენ მხარს.

“როგორც ჩანს, მათ მაინც იმედი აქვთ, რომ ბლოკს შეკრავენ და თვითონ გადალახავენ ბარიერს და სხვა ვერ მოახერხებს. ან მეორე ვარიანტია – არის პარტიები, რომლებიც რეალურად სხვა, უფრო დიდი პარტიის ინტერესებს ახმოვანებენ”, – ამბობს კვაშილავა და  “ქართული ოცნების” მხრიდან ნულოვანი ბარიერის ინიცირებას ვერ ხსნის და არ გამორიცხავს, ეს ემოციური გადაწყვეტილება ყოფილიყო.

“უნდა მივიღოთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის თაობაზე არის ნამდვილად კარგი ყველა დანარჩენისთვის და, მე ვიტყოდი, ქართული დემოკრატიისთვის. პროპორციული სისტემის მთავარი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ წარმომადგენლობითობის გარდა, შესაძლებელი უნდა იყოს ქვეყნის ეფექტიანი მართვა, კოალიციური მთავრობა კი (რასაც პროპროციული სისტემა აყალიბებს) უფრო არაეფექტიანი მმართველი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთპარტიული. მაგრამ ქართული დემოკრატიისთვის 2003 წლიდან მოყოლებული თუკი რამ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს იყო ერთპარტიული მმართველობა და მისი დაბალანსების შეუძლებლობა სასამართლოს ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ. ქართული რეალობის გამოწვევა არის არა სუსტი მთავრობა და ბელგიის პრობლემატიკა, რომელმაც წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში ვერ დანიშნა მთავრობა იმიტომ, რომ კოალიციები ვერ შეთანხმდნენ, არამედ ის, რომ უმრავლესობას დისკუსიის გარეშე შეუძლია გაიტანოს ნებისმიერი გადაწყევტილება. ასე რომ, ჰიპოთეტური შიშით იმ რელობისა, რომელიც ჯერ არ დამდგარა, უკვე არსებული უბედურება დავსახოთ როგორც გამოსავალი, არასწორია”, – აცხადებს კვაშილავა.

მისთვის წონადი არ არის არგუმენტი არალიბერალური ძალების პარლამენტში შესვლის თაობაზეც, მიიჩნევს რა, რომ პარლამენტი უნდა იყოს ჩვენი ერის სარკე.

“თუ ვაძლევთ ხმას ამ ჯგუფებს, მოვიდნენ პარლამენტში, თუ არ ექნებათ დღის წესრიგში გაცხადებული დემოკრატიული წესრიგის დამხობა. საქართველოში არის არალიბერლაური განწყობები. ერთი გამოსავალია, რომ მას არ მისცე გახატვის საშუალება, დაარბიო, არ შეუშვა პარლამენტში და მაშინ გადავა ქუჩაში, გაიკეთებს სამკლაურებს. ამას სჯობს, რომ პარლამენტში, დისკუსიებში ჩანდნენ, რა ხალხია ეს”, – აცხადებს კვაშილავა.

რეგიონების წარმომადგენლობა

ბაკურ კვაშილავა საჭიროდ არ მიიჩნევს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას და თვლის, რომ ასეთი დისკუსია ყურადღების გადატანას ემსახურება. რაც შეეხება “რეგიონების ხმების ჩაკარგვის” საშიშროებას პროპორციულ სისტემაში, ამბობს, აქ ზემოდან ჩარევა საჭირო არაა.

“პარტია, რომელიც მხოლოდ ვერა-ვაკეს წარმოადგენს, ან დაჯილდოვდება ხმებით, ან დაისჯება შემდეგ არჩევნებზე, რადგან გამოჩნდება პარტია ბ, რომელიც იტყვის, რომ წარმოადგენს,  მაგალითად, კახეთს, მთელ კამპანიას ჩაატარებს იქ და დააგროვებს ხმებს. ამასთან, თუ ყველა მიაწყდება ვერა-ვაკეს, იქ ხმები გაიყოფა. ეს ტაქტიკის საკითხია. ტაქტიკა კი გამომდინარეობს იქიდან, სადაცაა ფლანგი ღია შეტევისთვის. პროპროციული არჩევნები ამ ფლანგებს ხსნის. როგორც უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაალოგოს მოთხოვნა-მიწოდება, ისე ბარიერის არარსებობას შეუძლია დაალაგოს ის, რომ რეგიონები იყოს წარმოდგენილი. ამისთვის არ არის საჭირო ზემოდან ჩარევა, რეგიონულ-პროპორციული სიები და ა.შ.” ,- ამბობს კვაშილავა.

ბაკურ კვაშილავას აზრით, როგორც “ქართული ოცნებას”, ისე, შედარებით დიდ ოპოზიციურ პარტიებს სურთ, რეალურად არ გავიდეს 2020 წლისთვის პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით, თუმცა საზოგადოების განწყობა მათ აიძულებთ, პირველებმა არ განაცხადონ, რომ ამ სისტემას მხარს არ უჭერენ.

“მაგრამ შეამჩნევდით, მიმდინარეობს გაააფრთებული კამპანია სოციალურ ქსელებში, როგორ არ ვარგა ნულოვანი ბარიერი, რათა შემზადდეს საზოგადოება იმისთვის, რომ ამ პარტიებმა დანაკარგის გარეშე შეძლონ უფრო უკეთესი გარიგების მიღწევა”, – მიიჩნევს კვაშილავა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით კონსენსუსის მიღწევა ადვილი არ იყო, თუმცა ამბობს, რომ მობილიზებული აქვს დაახლოებით 100 ხმა და ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში, პროპორციულ სისტემაზე დროულად გადასვლას დაბრკოლება არ შეექმნება. საპარლამენტო უმრავლესობა აანონსებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომების ფარგლებში განხილვები სექტემბერში დაიწყება და საბოლოოდ, წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

ამავე თემაზე:

საარჩევნო ცვლილების კანონპროექტის ავტორები ივანიშვილი და კობახიძე არიან

მასალების გადაბეჭდვის წესი