ნეტგაზეთი | “ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს” – გვენეტაძე “ტურისტული ემბარგოს” გავლენაზე ლარზე “ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს” – გვენეტაძე “ტურისტული ემბარგოს” გავლენაზე ლარზე – Netgazeti

“ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს” – გვენეტაძე “ტურისტული ემბარგოს” გავლენაზე ლარზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ ლარის კურსზე აისახა მოლოდინები, რომლის მიხედვითაც გარკვეული რაოდენობის ტურისტები [რუსეთიდან] საქართველოში, შესაძლოა, აღარ ჩამოვიდნენ.

20 ივნისის შემდეგ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა, თუმცა გუშინ მცირედით გამყარდა.

“საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს კურსს გაითვალისწინოს ყველა ის მოლოდინი, რომელიც ცნობილია ეკონომიკირი აგენტებისთვის. ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ბუნებრივია, მოლოდინებზე აისახა.

ზუსტად ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი, როგორც სტაბილიზატორი, იმ ფუნქციას, რაც მან უნდა შეასრულოს. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, არის ის, რაც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს სიტუაციებიდან ქვეყანას. დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, ამას რა გავლენა ექნება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია და რთულია დასკვნების გაკეთება. მაგრამ იმ შედეგების მიხედვით, რაც პირველ კვარტალში გვქონდა, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს. ის გავლენა, რაც დღეს გვაქვს, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარად, ამის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება გვექნება გასულ წელთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამან ძალიან დიდი წნეხი არ უნდა გამოიწვიოს ლარზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com