ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის მყარ ნიშნულს – პრემიერი

2 აგვისტო, 2019 • 1679
ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის მყარ ნიშნულს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბოლო დღეების ტენდენციების მიხედვით, ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის მყარ ნიშნულს.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს და ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

პრემიერი ოპოზიციას ადანაშაულებს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რამაც, მისი შეფასებით, ტურიზის სექტორი მოწყვლადი გახადა. ბახტაძე “პარლამენტზე შტურმს” ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს.

ეს არის 2×2=4, რომ არასტაბილურობის განცდამ და იმან, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, ამით ქულები დაიწერონ, 20 ივნისის ძალიან მძიმე და მტკივნეულმა ღამემ, როდესაც განხორციელდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე, ასეთი განცდები შექმნა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამას არ ჰქონია გავლენა ქართულ ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური. რა თქმა უნდა, ასახვა ჰქონდა იმაზე, რომ პირდაპირი რეისები აღარ არის რუსეთიდან, საიდანაც ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტები მოდიოდნენ საქართველოში. ეს არის მოცემულობა. თუმცა ბოლო ორმა დღემ დაადასტურდა, რომ ეს საინფორმაციო ველი იმდენად ნეგატივით იყო დატვირთული, რომ ამან იმოქმედა ლარის კურსზე და ჩვენ მივიღეთ ზედმეტად გაუფასურებული ლარი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია. ეს არის, ფაქტობრივად, ყველა უწყების, მათ შორის, კომერციული ბანკების პოზიცია”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.


ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია. 12:47 საათისთვის აქ 1 აშშ დოლარი 2.87 ლარი ღირს, რაც 4 თეთრით ნაკლებია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 2 აგვისტოს, 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს. მონაცემი ბანკის ვებგვერდზე 17:00 საათისათვის განახლდება.

რამდენიმედღიანი უწყვეტი გაუფასურების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება პირველ  აგვისტოს დაიწყო. ამას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ  სავალუტო აუქციონზე 32 800 000 აშშ დოლარის გაყიდვა.

ბლუმბერგზე ლარი დოლართან მიმართებით მყარდება

მასალების გადაბეჭდვის წესი