“ჩვენ გარკვეული პაუზა გავაკეთეთ კომენტართან დაკავშირებით იმიტომ, რომ მხედველობაში მივიღეთ ოჯახის პოზიცია, რადგან არ გვინდოდა მომხდარიყო ისედაც დაძაბული ფონის კიდევ უფრო დაძაბვა და პოლიტიზება. თავი შევიკავეთ გარკვეული დროის განმავლობაში განცხადების გაკეთებისგან”, – ასე განმარტა მინდია ჯანელიძემ ის, თუ რატომ დააგვიანა მან განცხადების გაკეთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. 

 

“ჩვენ ვაღიარეთ ის შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული თვითონ ტექსტის მომზადების დროს და ამას არ გავურბივართ. მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა დანახულია, გაანალიზებულია, ეს შეცდომა გამოსწორებულია და მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდება.

 

ეს არ იყო რაღაც შეგნებული, წინასწარ განზრახული შეცდომა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი, მე რაღაც მიზეზების გამო საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი, არა აქვს მნიშვნელობა, შესაბამისად, მოხდა შეცდომა, ვაღიარეთ ეს შეცდომა,” – განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 

 

მან არ ისურვა განემარტა, თუ ვის მიერ მომზადდა თავდაცვის სამინისტროს სახელით გავრცელებული განცხადება, რომელიც მას შემდეგ აიღეს სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც შეცდომა. 

 

“ეს იყო ტექნიკური პრობლემა იმიტომ, რომ იმ დროს მინისტრი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას და ვერ მოხერხდა, საბოლოო ჯამში, ამის შეთანხმება და ამაზე სპეკულაციებს მოვრჩეთ, ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა უნდა დასრულდეს. ეს არ შედის ჩვენი ჯარის ინტერესებში, შეიარაღებული ძალების ინტერესებში, ეს არის ხელოვნური სპეკულაციები. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული ვართ არა ამ სპეკულაციებზე, არამედ ჯარის განვითარებაზე და იმ პრობლემების მოგვარებზე, რაც ჯარს გააჩნია. ვინ დაწერა ტექსტი, ამას პიროვნულად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 

მან ასევე არ ისაუბრა იმის შესახებ, ვინ და რა ფორმით დაისაჯა აღნიშნული განცხადების გამო სამინისტროში:

 

“პასუხისმგებლობაა იგივე, რომ ჩვენ მივიღეთ შენიშვნა და პასუხისმგებლობაა ის, რომ განმარტებას ვაკეთებ და პასუხისმგებლობაა ის, რომ ყველა, ვინც ეს შეცდომა დაუშვა, თავისი დოზის და ხარისხის შესაბამისად აგებს პასუხს. ეს ახლა თუ ვინმეს უნდა, რომ იყოს ვიღაცის დახვრეტა, ასე არ იქნება,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იგი გადადგომას, როგორც ეს მოქალაქეების ნაწილმა მოითხოვა გავრცელებული განცხადების გამო, მინდია ჯანელიძემ უპასუხა, რომ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

 

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებს ჩვენს ჯარისკავებსა და ოფიცრებს, რომ მათ სამსახური შეწყვიტონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამსახურად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლობა, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დაგმოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

 

უკრაინას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენ მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, მაგრამ სწორი ფორმები და მექანიზმები უნდა იყოს, რომ ამან არ დააზიანოს ჩვენი ეროვნული ინტერესები.

 

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე მყარად მჯეროდა და მჯერა, რომ საქართველოს გზა არ არის სამხედრო კონფლიქტებში ჩარევის გზა. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის არც ერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. სამხედრო კონფლიქტებმა რაც მოგვიტანა, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, ეს არის 20% ოკუპირებული ტერიტორიების და საოკუპაციო ძალები 40 კილომეტრში ჩვენი დედაქალაქიდან, ამიტომ ეს არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესში.”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება
მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება

 

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში” , – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს. 

 

ამ განცხადებას  მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმაც. 21 დეკემბერს ეს განცხადება სამინისტრომ ვებ-გვერდიდან წაშალა.  

 

32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა.  ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. გრიგოლაში ქუთაისში გუშინ, 25 დეკემბერს დაკრძალეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *