ახალი ამბები

აქციების დაგირავებიდან მიღებულ თანხას ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პორტზე დახარჯავენ

1 ივლისი, 2019 • 1003
აქციების დაგირავებიდან მიღებულ თანხას ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პორტზე დახარჯავენ

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ თიბისის აქციების დაგირავებიდან აღებული 10 მლნ აშშ დოლარი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დაიხარჯება.

თიბისის ინფორმაციით, აქციებიის დაგირავების პროცესი გაგრძელდება, თუმცა თიბისი ბანკის დამფუძნებლები კომერციულ ბანკში წილების გასხვისებას არ აპირებენ.

დღეს, პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თიბისი ბანკის აქციების 1.8%  კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Renaissance Securities-ზე 2021 წლამდე დააგირავეს. აქციების ამ მოცულობის გასხვისების შემდეგ ხაზარაძე ბანკში აქციების 11.89%-ს, ხოლო ჯაფარიძე 6.37% ფლობს.

“მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ის მეშვეობით მოახდინეს 10 მილიონი დოლარის მობილიზება საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნება თიბისი ბანკის ინვესტორებისათვის. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ არ განუხილავთ და არც აპირებენ თიბისი ბანკის აქციების გასხვისებას. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში”,-აცხადებენ თიბისიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი