ახალი ამბები

პრემიერი: პანკისიდან თუ რამდენიმე ადამიანი წავიდა სირიაში, ამის პრევენცია სახელმწიფოს არ შეუძლია

26 დეკემბერი, 2014 • • 1075
პრემიერი: პანკისიდან თუ რამდენიმე ადამიანი წავიდა სირიაში, ამის პრევენცია სახელმწიფოს არ შეუძლია

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გუშინ გარდაიცვალა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

 

“ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით, ვსწავლობთ მუდმივად. ეს არის მუდმივი დაკვირვების პროცესი. ჩვენ ყველას გვაქვს ნათქვამი და არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ადამიანებმა, ზოგმა მათგანმა ტერიტორია დატოვა 2-3 წლის წინ, ზოგმა 4 წლის წინ დატოვა ეს ტერიტორია. ისინი სად გადაადგილდებიან, ამის კონტროლი აქედან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ კი არა, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა  ვერ აკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას. როგორ შევზღუდოთ ჩვენ ადამიანების მოძრაობა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოქალაქეებს გადაადგილება? ეს ასე არ ხდება, ასე მარტივი არ არის და, მით უმეტეს, ამ ადამიანების უმრავლესობამ უკვე დატოვა ტერიტორია და არ ხდება, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადების გადინება.

 

და თუ ადამიანი მიდის, სიტყვაზე, ევროპაში, ევროპიდან მოხვდება სირიაში, ამის კონტროლი უბრალოდ წარმოუდგენელია და შეუძლებელია. ამის პრევენცია ვერ შეძლო და ამის პრევენცია შეუძლებელია ევროპაში, ამერიკაში, მთელ მსოფლიოში. თქვენ იცით, ალბათ, ხომ, რაც ხდება სირიაში? – მთელი მსოფლიოდან ხდება ნაკადების მობილიზება. იქ მიდიან ჩვეულებრივი ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები, ამერიკელები და ა.შ. ასე რომ, ძალიან რთულია, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. პანკისიდან თუ რამდენიმე ადამიანი წავიდა თავის დროზე, 2-3 წლის წინ, თუ მანამდეც, რა თქმა უნდა, ამის პრევენცია სახელმწიფოს არ შეუძლია და ვერ გააკეთებდა პრევენციას. თუმცა ამ პროცესებს ჩვენ ვაკვირდებით და ყველა ადამიანი არის, რა თქმა უნდა, შესწავლილი და დაკვირვების ქვეშ. ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი ინფორმაციით გასულები და იბრძვიან სირიაში. სპეციალური სამსახურები ამ პროცესებს აკვირდებიან. ეს ნორმალურია, ყველგან ასე ხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეკითხვაზე, არის თუ არა ამ “დაკვირვების პროცესის” ნაწილი ის ფაქტები, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების უკანონო ქმედებებს? – ღარიბაშვილმა უპასუხა:

 

“არ ვიცი, რას გულისხმობთ, მოსახლეობა გისმენთ თქვენ, უკაცრავად, მეგობარო, თუ რაღაც კონკრეტული ფაქტი არ დამისახელეთ, რაღაც აბსტრაქტულზე როგორ გიპასუხოთ?”

 

“ნეტგაზეთმა” პრემიერის დაუსახელა კონკრეტული ფაქტი, როდესაც საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევს სამართალდამცავები უკანონოდ უზღუდავენ ქვეყნიდან გადაადგილების უფლებას. პრემიერმა კი ასეთი პასუხი გაგვცა:

 

“გასაგებია, კონკრეტული საქმეებია, ამაზე მიმართეთ შსს-ს, მე არა ვარ ვალდებული, რომ თითოელი ადამიანის გვარი და სახელი ვიცოდე და ამაზე გაგცეთ პასუხი, თუ რატომ არ ხდება. ალბათ, არსებობს გარკვეული მიზეზი – არ ვიცი, ან გამოძიებაა, ან რაღაც ასეთი, ან ეჭვმიტანილია, ან მოწმეა ძვირფასი, ან არ ვიცი, ვერ გეტყვით. მიმართეთ შსს-ს და ის გაგცემთ პასუხს.”

 

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს პანკისის ხეობის განვითარების გეგმა:

“ზოგადად, მე პანკისის ხეობაში არაერთხელ ვიყავი ჩასული, ჯერ კიდევ მინისტრობის დროს, ასევე, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ჩასული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული პანკისის ხეობის განვითარების, იქ არის ძალიან ბევრი რესურსი, ბუნებრივი რესურსები არის, რომლის გამოყენება არ ხდებოდა წლების განმავლობაში და არ ხდება ახლაც, და ჩვენ ვაპირებთ ბიზნეს-გეგმები დავამუშაოთ კონკრეტულად ამ ხეობისთვის, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს. იქ არის ბუნებრივი ქვის საბადოები და უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, რომ ადგილობირვი მოსახლეობა დასაქმდეს და დამაგრდეს იქ ადგილზე, რომ განვითარდეს ეს ხეობა და ამას ვაპირებთ, რომ 2015 წელს დავიწყოთ იქ საწარმოების გახსნა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი