“არაერთხელ მითქვამს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ოპონენტად არ მივიჩნევ. სანამ ეს ადამიანები, ყველანი ერთად ბოდიშს არ მოუხდიან ჩვენ საზოგადოებას და ხალხს, მე მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად და მათი თითოეული ქმედება განპირობებულია იმისაკენ, რომ მოხდეს არეულობის ფონის შექმნა საქართველოში და ისევ ვირტუალური სამყარო შექმნან. მით უმეტეს, მათ აქვთ ძალიან მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიაზია.
მისივე თქმით, შესაძლებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ზედმეტად დიდ დროს ხარჯავენ მათთან ოპონირებაში.
“თქვენ ახსენეთ თავდაცვის უწყების განცხადება, გამოიკვეთა ძალიან ცუდი სურათი. მე ყველა პოლიტიკოსის განცხადებაში ტენდენციურობა დავინახე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ოპოზიცია. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი არ არის, რომ ქვეყანაში ყველაფერი განვითარდეს კარგად და არ არიან ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებულნი, ამაზე, მე მგონი, საუბარი არ ღირს, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”,- ეწერა განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც უწყების პოზიციას ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამარცხვინო უწოდეს, სამინისტრომ განცხადება ოფიციალური გვერდებიდან უკვე წაშალა. ამას წინ უძღვოდა პრემიერის შეფასებაც, რომელმაც თქვა, რომ არც მას მოეწონა თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
ამ განცხადებას მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმაც.
32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.