ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ჩაკეტვის გამო გალში მცხოვრები აბიტურიენტები პირველ გამოცდას ვერ დაესწრებიან

1 ივლისი, 2019 • 1341
ენგურის ჩაკეტვის გამო გალში მცხოვრები აბიტურიენტები პირველ გამოცდას ვერ დაესწრებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, “ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებმა ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს”.

შესაბამისად, განათლების სამინისტრო სთხოვს, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის ხიდიდან შეძლო გადმოსვლა. ველოდებით ყოველდღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველვყოთ მათვის განათლების ხელმისაწვდომობა”,- აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.

სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რამდენმა აბიტურიენტმა ვერ შეძლო პირველ გამოცდაზე დასწრება.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ, 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი