ახალი ამბები

კახეთში ავარიაში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა — კლინიკა

30 ივნისი, 2019 • 1070
კახეთში ავარიაში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა — კლინიკა

კლინიკის თანახმად, კახეთში ავარიაში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

საგარეჯოს სოფელ შიბლიანთან მომხდარ ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. როგორც ნეტგაზეთს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ უთხრეს, ავარიის შემდეგ მათთან სამი პაციენტი გადაიყვანეს — დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

ამავე კლინიკის თანახმად, რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ, სამივე თბილისში, „ევექსის“ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გააგზავნეს.

როგორც ნეტგაზეთს „ევექსის“ პრესსამსახურში, უთხრეს, დედა ახლა გადმოჰყვათ მათს კლინიკაში, ბავშვებს კი უკვე იკვლევენ; მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი მძიმედ არის.

ნეტგაზეთს „ჯეო ჰოსპიტალსში“ უთხრეს, ეს სამივე დაშავებული რუსეთის მოქალაქეა.

შსს-ის ინფორმაციით, ავტოავარია 30 ივნისის დილას, სოფელ შიბლიანთან მოხდა — ერთმანეთს მერსედესის მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიკვდილი. მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი