ახალი ამბები

ნიკა მელია: ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავაკეთებდი იგივეს

28 ივნისი, 2019 • 1212
ნიკა მელია: ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავაკეთებდი იგივეს

ტელეკომპანია პირველის გადაცემაში “პირველები” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ 100-ჯერ რომ დაბრუნდეს 20 ივნისის ღამეს, ასჯერვე იმავე განცხადებას გააკეთებდა.

ჟურნალისტმა მელიას ჰკითხა, როდესაც იმ ღამით აქციის მონაწილეებს მიმართა სიტყვით და უთხრა, რომ შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტის ეზოში თუ შენობაში, იყო თუ არა ეს პასუხისმგებლიანი მოწოდება და გადაწყვეტილება.

“თქვენ ხომ იცოდით, რომ პოლიცია იქ იმისთვის იდგა, რომ თქვენ და ეს ადამიანები პარლამენტში არ შეეშვა” ,- ჰკითხა მელიას ვახო სანაიამ, რაზეც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კონსტრუქციულად, ხელებაწეული შესვლა ადმინისტრაციულ შენობაში კონსტიტუციურია:

“თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, პოლიტიკოსს. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს და რომ გადავახვიოთ და 20 ივნისს აღმოვჩნდეთ, მთელი დღის პერიპეტიების გათვალისწინებით, რასაც მე თვალს ვადევნებდი და ვისმენდი ხელისუფლების მხრიდან, სხვა განცხადებას არ გავაკეთებდი.

ნაცვლად იმისა, რომ ვინმე გამოსულიყო და ეთქვა, ძალიან შეგვეშალა და გამოსულიყო კობახიძე და ეთქვა, რომ ტოვებდა თანამდებობას იმიტომ, რომ წარმოუდგენელი მოღალატეობრივი აქტი იქნა ჩადენილი. ფაქტია, რომ აგრესორი ოკუპანტი, ძალიან ცნობილი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობისა, აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. გამოვიდა ერთი საათით ადრე კობახიძე და პროტოკოლის სამსახურს დააბრალა ეს. ამიტომ გავაკეთე მე ეს განცხადება.

აქციის სულისკვეთება იყო, რომ ღირსეული პასუხი მაინც უნდა მიეღო ხელისუფლების მხრიდან. დიდი-დიდი ისინი აპირებდნენ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რაც განაცხადეს, კობახიძის გადაყენებასაც არ აპირებდნენ. ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავკათებდი იგივეს. ეს ჩემთვის პარლამენტის შენობა აღარ იყო, შეილახა ღირსება, ყველა ღირსებააყრილი ვიდექით იქ”, – ამბობს მელია.

მელიას თქმით, მან ორჯერ ჰკითხა აქციის მონაწილეებს, თანახმა იყვნენ თუ არა, პარლამენტის ეზოში შესულიყვნენ, რაზეც მათმა დიდმა ნაწილმა ხელის აწევით დააფიქსირა თანხმობა.


28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გირაოს შეფარდებას პატიმრობის ნაცვლად ითხოვდა ნიკა მელიას ადვოკატი. მელიას თავდებში უდგებოდა დეპუტატების ნაწილი.

საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი