“სრუილიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, და მოწოდებები იმას თაობაზე, რომ ბატონი მინდია უნდა გადადგეს, მე მგონი, არასწორი საუბარია და მე მინდა მოვუწოდო ყველას, ალბათ უფრო გონივრული იქნება, რომ დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და ისტერია. ბატონ მინდიასთან მე მქონდა საუბარი, მას არც ეუხერხულება, არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია და ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებაზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ვფიქრობ, ძალიან შეუსაბამოა და შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის”,- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”,- ეწერა განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც უწყების პოზიციას ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამარცხვინო უწოდეს, სამინისტრომ განცხადება ოფიციალური გვერდებიდან უკვე წაშალა. ამას წინ უძღვოდა პრემიერის შეფასებაც, რომელმაც თქვა, რომ არც მას მოეწონა თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
ამ განცხადებას მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმაც.
32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.