ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოიხსნას – მინისტრი ენგურის ჩაკეტვაზე

28 ივნისი, 2019 • 1352
უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოიხსნას – მინისტრი ენგურის ჩაკეტვაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს:

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით  ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.

„ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს  სასწავლებლებში წვდომაზე. მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ. პოლიტიკურ შეფასებებს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ, ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ მოსახლების ინტერესები არ დაზარალდეს და ყველაფერი ვცადოთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს“, –  ამბობს ქეთევან ციხელშვილი.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ, 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი