ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ჩაკეტვას ქართული მხარე გადაადგილების უფლების შეზღუდვად და იზოლაციად განიხილავს

28 ივნისი, 2019 • 1495
ენგურის ჩაკეტვას ქართული მხარე გადაადგილების უფლების შეზღუდვად და იზოლაციად განიხილავს

“აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ცალსახად განიხილება როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით “ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ, 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი