ახალი ამბები

პროტესტის მერვე დღე: დემონსტრანტები ივანიშვილის სასახლესთან მიდიან

27 ივნისი, 2019 • 906
პროტესტის მერვე დღე: დემონსტრანტები ივანიშვილის სასახლესთან მიდიან

დემონსტრანტები, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ ყოველდღე აქციებს მართავენ რუსთაველის გამზირზე, 27 ივნისის საღამოს უკვე “ქართული ოცნების” მილიარდერი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ მიემართებიან.

ისინი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტების დანარჩენი მოთხოვნები უკვე შესრულდა, თუმცა აცხადებენ, რომ მანამდე გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე გახარია არ გადადგება. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც დღეს ტელემედიის შეკითხვებს უპასუხა, როგორც ჩანს, გადადგომას არ აპირებს.

ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს – გახარია


შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაა ერთ-ერთი იმ მოთხოვნებიდან, რომლებიც თბილისში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს თავდაპირველად ჰქონდათ. ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იმ ქვეყნის დეპუტატის მიმართვამ, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთერთობა არა აქვს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის გამო, საზოგადოებაში მძაფრი პროტესტი გამოიწვია. საღამოს თბილისში, პარლამენტის შენობასთან  ათასობით ადამიანი შეიკრება. ისინი ითხოვდნენ:

  • პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას იმის გამო, რომ გავრილოვი პარლამენტში აღმოჩნდა

  • შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას იმის გამო, რომ გავრილოვი საქართველოში შემოვიდა /შემოსვლის უფლება მისცეს.

  • საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

20 ივნისს პოლიციამ ძალით,  ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა დემონსტრანტები. შედეგად,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, რამდენიმე მოქალაქეს ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დააკავეს 305 პირი. არსებობს ცნობები, რომ მათი ნაწილი სცემეს როგორც დაკავებამდე, ასევე დაკავების შემდეგ.

შედეგად:

  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

  • ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით;

დემონსტრანტების განცხადებებიდან გაქრა გომელაურის გადადგომის მოთხოვნა, თუმცა უცვლელია მოთხოვნა გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. გავრილოვის შემოშვების გარდა დემონსტრანტები ახლა მას პასუხს აქციის დაშლის გამოც სთხოვენ.  წადი!!! – ასეთი შეტყობინებები დემონსტრანტებმა მინისტრს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი