ახალი ამბები

RMG-ის თანამშრომლები პრეზიდენტის განცხადებას საყდრისთან დაკავშირებით ურცხვს უწოდებენ

23 დეკემბერი, 2014 • • 2396
RMG-ის თანამშრომლები პრეზიდენტის განცხადებას საყდრისთან დაკავშირებით ურცხვს უწოდებენ

განცხადებაში, რომელიც  „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“  თანამშრომლების სახელით გავრცელდა, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ “მწვანე შუქი აუნთო სამოქმედოდ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ძეგლის დაცვის მიზნით მიზანმიმართულად მოქმედებენ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.”

 

“ჩვენ გვაინტერესებს, ქვეყნის პრეზიდენტი ასე ურცხვად რატომ აკეთებს ისეთ განცხადებას, რაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს კომპანიაში დასაქმებული 3000 ოჯახისა და მთელი რეგიონისათვის. იგი ადასტურებს ძეგლის არსებობას მაშინ, როდესაც არც კი დაინტერესებულა და უნახავს ობიექტი”, – წერია განცხადებაში.

 

კომპანიის თანამშრომლები პრეზიდენტს საყვედურობენ, რომ სურვილი არ გასჩენია, შეხვედროდა ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულიყო მათი პოზიციით. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სრულად იაზრებს თავის პასუხისმგებლობას რეგიონისა და ხალხის წინაშე და საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების გაგრძელებას მხარს უჭერს.

 

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ აღელვებთ ხალხის მდგომარეობა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ დღეიდან იწყებენ პერმანენტულ აქციებს “იმ ძირგამომთხრელი ქმედებების” წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად სავალალო მდგომარეობაში აგდებს „RMG GOLD”-ისა და „RMG COPPER“-ის თანამშრომლებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი მიწის სამუშოების ჩატარება სასამართლოს გადაწყვეტილებადე დაუშვებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომპანიის ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

 

RMG Gold
RMG Gold

მასალების გადაბეჭდვის წესი