ეს არ ნიშნავს გამართლებას – საპარლამენტო უმრავლესობა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ თანხმობა მისცეს პროკურატურას დეპუტატ ნიკა მელიასადმი პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, აცხადებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებას მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე პატივს სცემენ.

“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ გუშინ მხოლოდ და მხოლოდ მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორისთვის უფლების მიცემას, სამართალწარმოება შეუფერხებლად განეხორციელებინა და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიემართა. პარლამენტის დადგენილების თანახმად, ეს აღკვეთის ღონისძიება სწორედ პატიმრობას გულისხმობდა.

“დღეს ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ სასამართლომ იმსჯელა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიჩნია საჭიროდ. აქ საქმე შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხის გამოყენებას. ეს არ ნიშნავს ვინმეს გამართლებას. სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება გაგრძელდება. ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ აღკვეთის ღონისძიების მსჯელობის პრეროგატივა მხოლოდ სასამართლოს აქვს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს მივეცით უფლებამოსილება იმისთვის, რომ სამართალწარმოება შეუფერხებლად განხორციელებულიყო და მიემართა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სამსჯელოდ. ჩვენ გუშინ სრულად ვიცავდით და დავიცავთ ნებისმიერი პირის, იქნება ეს ოპონენტი თუ სხვა, უდანაშაულობის პრეზუმფციას”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

“სასამართლომ იმსჯელა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დამოუკიდებელობა იყოს გარანტირებული და ჩვენ ყველა შემთხვევაში ამას პატივს ვცემთ”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

“ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებთან დაკავშირებით, ყოფილიყო სრულად გარანტირებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ უფლებები დაცულია. პროცესს დავაკვირდებდით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება იმაზე, რომ სასამართლოს ემსჯელა კონკრეტულ პირთან დაკავშირებით. მესმის, რომ მელია და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ სასამართლო მათი პოლიტიკური მიმართულების წინააღმდეგ წასულიყო, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა “ქართული ოცნების” პოლიტიკამ. ეს გადაწყვეტილება იყო აღმკვეთი ღონისიძიების შეფარდების თაობაზე. ჯერჯერობით ბატონი მელიას ბრალი არც დადასტურებულია და არ უარყოფილია. ჯერ არ უთქვამს სასამართლოს, რომ ბატონი მელია არის დამნაშავე ან არა”, – აღნიშნა მან.

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება სწორი იყო. ამასთან, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სასამართლოს იმიჯის გამოსწორების მცდელობას.

“სასამართლოს იმიჯის ამაღლებისთვის ასეთი სვლების გაკეთების რესურსი ხელისუფლებას არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ითხოვენ ევროპული სტრუქტურები და ჩვენი პარტნიორები, რომ მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს თავისი სტატუსით და თავისი უვადო დანიშვნით. რაც არ უნდა ძლიერი იყოს პოლიტიკური ხელისუფლება, მოსამართლეს ვერ მოერევა. [სასამართლომ] მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სწორი იყო ჩვენი გუშინდელი გადაწყვეტილება, აბა, რა! თუ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ პროკურატურას აქვს მექანიზმები, რომ განახორციელოს დევნა, დეპუტატები რით ვართ მეტი?! პროკურატურა თავის საქმეს აკეთებს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ვერევით. გირაოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობს დავით მათიკაშვილიც.

“ქმედება, რომელიც პარლამენტმა განახორციელა, გულისხმობდა პროკურატურისთვის შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების უფლების მიცემას, რადგან იმუნიტეტის ქვეშ არავინ უნდა დაიმალოს. სასამართლო დამოუკიდებელია. მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონესძიებების შეფარდება, რაც გულისხმობს დაახლოებით იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ანუ განაჩენზე სუბარი არ არის”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა 92 დეპუტატი დაამცირა და ღირსება აყარა.

“92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახეთ გუშინ, რომელიც ვითომ იმსჯელეს მთელი დღის განმავლობაში. ალაპარაკეს, რომ მტკიცებულებები საკმარისია, რამდენიმე ვაჟკაცი დეპუტატის გარდა “ქართული ოცნებიდან”. ახლა, რა თქმა უნდა, დღეს შეიცვალა ვითარება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 26 ივნისს თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.