ნიკა მელიას თქმით, რომელსაც დღეს, 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, ამბობს, რომ “მუსურიძე-ჩინჩალაძის” სასამართლოსთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია და ეს მოსამართლესაც უთხრა:

“სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე  მე მოსამართლეს ვუთხარი პირდაპირ, რომ მე არ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთან დაკავშირებით და პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი ამ სასამართლოზე. ვუთხარი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ-მეთქი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. იქნება პატიმრობა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამბობს მელია.

მისი თქმით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა 92 დეპუტატი დაამცირა და ღირსება აჰყარა. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, მელია მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოების განწყობების გამო მოხდა, რომელმაც ივანიშვილი საფრთხის წინაშე დააყენა:

“92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახეთ გუშინ, რომელიც ვითომ ამსჯელეს მთელი დღის განმავლობაში. ალაპარაკეს, რომ მტკიცებულებები საკმარისია, რამდენიმე ვაჟკაცი დეპუტატის გარდა “ქართული ოცნებიდან”. ახლა, რა თქმა უნდა, დღეს შეიცვალა ვითარება. დიდწილად საზოგადოების განწყობების შესაბამისად და იმ საფრთხეების წინაშე დადგა ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ეს.

ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატი გუშინ, დილის 9 საათიდან, არ ვიცი, რა აღარ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარის გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, უამრავი მტკიცებულებააო. ყველამ გაიგო, რასთან გვქონდა საქმე და, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური. ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა. 92 დეპუტატს მივმართავ: ჰკითხეთ, რა გაგიკეთათ, გაგაშიშვლათ, ღირსსება აგყარათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ, მე მრცხვენია თქვენ ნაცვლად,” – ამბობს მელია.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო (92-ე დეპუტატმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას მხარი ტექნიკური მიზეზით ვერ დაუჭირა).

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.