ახალი ამბები

პარლამენტში ხვალ, სავარაუდოდ, ვერც გიორგი გახარიას მოუსმენენ

27 ივნისი, 2019 • 1852
პარლამენტში ხვალ, სავარაუდოდ, ვერც  გიორგი გახარიას მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს სთხოვა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გამოსვლა პლენარული სესიის დღის წესრიგში ოფიციალურად არ ჩანიშნულა, პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შს მინისტრისთვის პარასკევს, 28 ივნისს მოესმინათ.

თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრემიერის და სხვა მინისტრების პარლამეტნში წარდგომას.

“გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, განვითარებულ მოვლენებზე ვიმსჯელოთ შესაბამის წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და, რა თქმა უნდა, შესაბამის მინისტრებს მოვუსმინოთ იმ საკითხებზე, რომელიც იყო მიმდინარე მოვლენებთან კავშირში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს შს მინისტრთან ისედაც ხშირი კომუნიკაცია აქვს და მნიშვნელოვანია, განხილვაში ოპოზიციაც მონაწილეობდეს.

“ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ მოუსმენენ გახარიას. ჩვენ ისედაც ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და მაშინ აზრი უნდა ჰქონდეს?! ამიტომ გავმართავთ კონსულტაციებს და ოპოზიციის წარმომადგენლები როდესაც შეძლებენ, რომ დადგნენ თავიანთ თავზე მაღლა და მოუნდებათ გაიგონ, სინამდვილეში რა ხდება, იმ ღამეს რა ხდებოდა და ა.შ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მათთან ერთად მოვიწვიოთ შინაგან საქმეთა მინისტრი და გავმართოთ სრულფასოვანი მოსმენა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია პარლამენტს სთხოვს, 20 ივნისის დარბევის საკითხზე სიტყვით გამოვიდეს პლენარულ სესიაზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, რომლის დაპატიმრებასაც პარლამენტმა დაუჭირა მხარი, განაცხადა, რომ 28 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა წარმოუდგენელია.

ამავე თემაზე:

ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი