ახალი ამბები

გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს აქციის დარბევის საკითხზე

24 ივნისი, 2019 • 1612
გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს აქციის დარბევის საკითხზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია პარლამენტს სთხოვს, 20 ივნისის დარბევის საკითხზე სიტყვით გამოვიდეს პლენარულ სესიაზე.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, — შსს-ს პრესსამსახურის თანახმად, ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა გახარიამ პარლამენტს 24 ივნისს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრს,ი გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი